საფონდო ბირჟა

ფრანგული ავტომწარმოებლის, რენოს აქციები 21%-ით გაუფასურდა

Bloomberg

ფრანგული ავტომწარმოებლის, რენოს აქციების ღირებულება დღეს მთელი 21%-ით გაუფასურდა, რის შედეგადაც კომპანიამ $6.3 მილიარდი დაკარგა. აქციათა ვარდნის მიზეზი რენოში ეკონომიკის სამინისტროს თაღლითობასთან ბრძოლის სამსახურის შესვლაა. ეკონომიკის სამინისტროში ეჭვობენ, რომ რენო გერმანული ფოლკსვაგენის მსგავსად წლების მანძილზე საკუთარი ავტომობილების საწვავის მოხმარებისა და გამონაბოლქვის შესახებ ინფორმაციას აყალბებდა, რითიც გარემოს ზიანს აყენებდა. კომპანიას დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში მრავალმილიარდიანი ჯარიმა ემუქრება. 

ანალოგიური გამოძიება სამინისტრომ პეჟოს წინააღმდეგაც დაიწყო. გერმანული ავტოგიგანტი გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან დიზელის ავტომობილებში სპეციალურ კომპიუტერულ მოწყობილობას ათავსებდა, რომლის სენსორებიც კარბოემისიების შემოწმების დროს გრძნობდნენ, რომ ავტომობილი რეალურად არ მოძრაობდა და ის ერთ ადგილზე იყო დაფიქსირებული, ძრავს კი ტესტირების მიზნით ამუშავებდნენ. ამ დროს აღნიშნული მოწყობილობა რთავდა სპეციალურ ხელსაწყოს, რომელიც რეალურად ავტომობილის მუშაობის ეფექტიანობას ამცირებდა, მაგრამ კარბოემისიების დონეს დასაშვებზე ქვემოთ ინარჩუნებდა და ამ გზით გადიოდა ტესტირებებს. 2015 წელს ამ ხელსაწყოს არსებობის შესახებ გახდა ცნობილი, რის შედეგადაც ფოლკსვაგენს მნიშვნელოვანი სანქციები დაეკისრა. 

დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში ფრანგული ავტომწარმოებლების ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდება.

კომენტარები