25 მაისი. 2015 წელი. ალაბამა, მონტგომერი. უკვე ერთი დღეა, რაც ნიუ მექსიკოს შტატიდან, მარტინ ლუთერ კინგისა და ანტისეგრეგაციული მოძრაობის მექაში ჩამოვფრინდით. რამდენიმე კვირამ და უამრავმა შეხვედრამ ქართული ჯგუფი დაგვღალა. ვაშინგტონი, ნიუ იორკი, სანტა ფე. წინ დეტროიტია, ურბანული მოჩვენებების ქალაქი. უკვე იმდენ ადამიანს ჩამოვართვით ხელი, დაღლილობას ვგრძნობთ. ამას ვინანებთ, მაგრამ მაინც ვგრძნობთ. სახელმწიფო დეპარტამენტში ძალიან ნათლად და გარკვევით გვითხრეს, რომ ყველა შეხვედრა Off Record არის. ეს ნიშნავს, რომ საუბრის შინაარსს საჯაროდ ვერ მოჰყვები, ვერ დაწერ და ვერ გამოიყენებ. არადა, ყველაფრის მოყოლა მსურს. ამას რომ გვეუბნებოდნენ, მე მიყურებდნენ, ერთადერთ ჟურნალისტს დამსწრე საზოგადოებაში. პროგრამაში ვიხედები. წერია, რომ დღეს, გაურკვეველ დროს, ჩვენ ვესტუმრებით ადამიანის უფლებებისა და აფროამერიკული კულტურის სწავლების ნაციონალურ ცენტრს. აღარაფერს ვგუგლავ, დავიღალე. ვსხდებით მანქანაში და მივდივართ.

აფროამერიკელი რექტორი ორ ასაკოვან ადამიანს, ღირს რობერტ და ჯეან გრეცებს გვაცნობს. ღირსი რობერტი, ლუთერელი პასტორია. ჩვენ გრძელ მაგიდასთან ვსხდებით, რექტორი მაგიდის თავში და თანმხლებ პირებს შუა. გარემოს ერთადერთი ზედსართავი სახელი აღწერს: ამაღელვებელი. ვამჩნევ, რომ მუზეუმში ვსხედვართ. კედლებზე ანტისეგრეგაციული მოძრაობის ფოტოებია. ავტობუსების ბოიკოტი. დემონსტრაციები ხმის მიცემის უფლებისთვის. რექტორი გვეუბნება, რომ ახლა ამ ისტორიას მოჰყვება სამი სიმღერით.

მღერის. გასაოცარი ხმა აქვს. ყველას თვალები გვიბრწყინავს. ქართველები ვართ, ვაფასებთ მუსიკას. დასრულდა მეორე, დაიწყო მესამე. მოულოდნელობისგან პირს ვაღებ. შემდეგ ვაყოლებ. მას მერე, რაც 1955 წლის იმ ზამთარს როზა პარქსი დააპატიმრეს, რადგან ავტობუსში ადგილი არ დაუთმო თეთრკანიანს და „შავების ადგილზე“ არ გადაჯდა, ლუთერმა, რომელიც ბაპტისტი პასტორი იყო, შეკრიბა აფროამერიკელები ტაძარში და წარმოთქვა თავისი ცნობილი სიტყვა – We Shall Overcome, „ჩვენ გადავლახავთ“. სიმღერის ტექსტი სწორედ ეს არის. იმდენჯერ მაქვს მოსმენილი, რომ ზეპირად ვიცი. მუსიკა მარტივია, ამიტომ სიმღერა გამომდის. ცრემლს ძლივს ვიკავებ, მაგრამ ყველაფერი წინ არის.

მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, საუბარს იწყებს პასტორი. ის კი, თავის მხრივ, ჰყვება ვინმე „როზასა“ და „კინგზე“ – უკიდურესად ფამილარულად. თითქოს მისი მეზობლები იყვნენ. ჩემზე კი ამბობენ, არაფერი წმიდა არ აქვსო, მაგრამ დოქტორ კინგსა და ქალბატონ პარქსზე აუგის მთქმელს, დაველოდები ჭაშნაგირთან და „ეკლესიას შევუგინებ“! მას მერე, რაც ვცდილობ, იქვე მსხდომებთან გავარკვიო, რატომ არის პასტორი ასეთი ფამილარული, ირკვევა, რომ მეზობლები არა, მაგრამ ჩვენ წინ როზა პარქსისა და მარტინ ლუთერ კინგის მეგობრები სხედან. ავტობუსის ბოიკოტის მონაწილეები. ღირსი რობერტი მოხალისე იყო. მას აფროამერიკელები სამსახურში დაჰყავდა, რადგან ეს უკანასკნელნი ბოიკოტს აცხადებდნენ ესარგებლათ ტრანსპორტით, სადაც მეორეხარისხოვან სავარძლებზე მოუწევდათ ჯდომა. იმის გამო, რომ „რასების აღრევით“ იყო დაკავებული, მის სახლში ორი ბომბი შეაგდეს, პატარა აფეთქდა და მისი მეუღლე დაჭრა, დიდი არ აფეთქდა. ჯეანი სწორედ ის ქალია, ვინც დაიჭრა. მაგიდასთან ზის და იცინის.

„როცა მონტგომერიში გადმოვედი, ლუთერულმა კონფერენციამ გამაფრთხილა, რომ არ წამომეწყო ომი რასიზმის წინააღმდეგ. მე ნამდვილად არ წამომიწყია ომი. ომი მის პარქსმა წამოიწყო. მე უბრალოდ შევუერთდი“, – თქვა 1928 წელს დაბადებულმა მამაკაცმა. ვწერ ახლა ამას მე და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ Off Record-ს ვარღვევ.

„თეთრი ნიგერი“ – ასე ეძახდნენ იმათ, ვინც აფროამერიკელი არ იყო, მაგრამ მათ უფლებებს იცავდა. საზოგადოებას თეთრი უფლებადამცველები უფრო მეტად თუ არა, აფროამერიკელებზე ნაკლებ არ სძულდა.

შეხვედრა დასრულდა, ჩვენ საჩუქრები გავცვალეთ და ფოტოები გადავიღეთ. ღირსმა გრეცმა მითხრა, რომ მის შვილიშვილს ვგავარ, „რომელიც მუსლიმია“. სამუფთო სამმართველოსგან ცნობის აღება შემიძლია, რომ არ ვარ, არ ვყოფილვარ და არასდროს ვიქნები ისლამოფობი, მაგრამ წვერის არგაპარსვა მაინც ვინანე. ასეთია ადამიანი. 

ყველაფერი ირკვევა, მაგრამ სიტუაცია მაინც აბსურდულია. რატომ დაგვითმო ამ ხალხმა 1.5 საათი? საქმე ის არის, რომ რობერტ და ჯეან გრეცები, ჩვეულებრივი გმირები არიან. გაბედო და ხმა აიმაღლო იმათ დასაცავად, ვისი პრობლემებიც, თუ არ გამოესარჩლები, შენი პრობლემები არ გახდება, არ შეგაშინოს ბომბმა, მუქარამ, ცემამ, ჩააგდო მეუღლე და შვილები საფრთხეში, იბრძოლო და მოუგო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ უსამართლობას, არის გმირობა. გაბედეს და გაიმარჯვეს.

კოტე აფხაზის ქუჩის რომელიღაც რესტორანში რომ თეფში მოგხვდება, ეგ არაფერი არ არის. არც შარავანდედად გამოდგება. მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჯერ ჩვენ არაფერი გაგვიბედავს. აი, რომ გავბედავთ, მოვიგებთ კიდეც. რასისტების ნაწილს თავში ბლომად ჭკუა ჰქონდა. ჩვენს ორკებს სახეც არ აქვთ. გზა უკვე გაკვალულია. ავტობუსში ადგილი ყველასთვის არის. ცხადია, მოძალადეების გარდა. მათი ადგილი ციხეშია.

We Shall Overcome

We are not afraid

კომენტარები