თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

შსს: პოლიციამ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდამსხმელების ვინაობა დაადგინა

ირაკლი კიკნაველიძე

პოლიციამ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდამსხმელების ვინაობა დაადგინა. ამის შესახებ შსს იტყობინება.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტებთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ოთხი პირი: 1988 წელს დაბადებული შალვა გ., 1988 წელს დაბადებული თორნიკე თ., 1990 წელს დაბადებული დემეტრე ლ. და 1994 წელს დაბადებული ანი ხ. დაადგინეს. ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით)", - აცხადებს შსს.

კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს, თავს 12 იანვარს დაესხნენ. ტაბულას ჟურნალისტის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. კიკნაველიძემ და მასთან მყოფმა პირებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

კომენტარები