სავალუტო კრიზისი

სავალუტო კრახი აზერბაიჯანში: სასწავლო გაკვეთილი ხელისუფლებას

აზერბაიჯანში სავალუტო კრიზისი მძვინვარებს. იქ განვითარებული მოვლენები კლასიკური ნიმუშია იმისა, თუ რა არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ასეთ ვითარებაში. გასკვირი ის არის, რომ ეს ეტაპი ერთხელ უკვე გაიარა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ, მათ შორის აზერბაიჯანმაც, მაგრამ სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა.

აზერბაიჯანში აკრძალეს ყველა სავალუტო პუნქტის მუშაობა. ათასობით ადამიანი დატოვეს ერთ დღეში უმუშევარი. ამით კიდევ უფრო დაამძიმებენ მდგომარეობას.

გაჩნდება შავი ბაზარი და ვალუტის ორი კურსი, როგორც ძველ დროში. საბოლოოდ მაინც იმის გაკეთება მოუწევთ, რაც აუცილებელია, ოღონდ დანაკარგები ძალიან დიდი იქნება.

უნდათ კარგი, გამოსდით ცუდი! ესაა საბჭოთა ტრადიცია.

აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ გულგრილი ვერ ვიქნებით ამ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. ქვეყნის ეროვნული ვალუტის სწრაფმა და დრამატულმა დევალვაციამ შეიძლება გარკვეული გავლენა მოახდინოს საქართველოს ექსპორტ-იმპორტის ბალანსზე და უცხოური ვალუტის შემოდინებაზე.

აზერბაიჯანი აღმოჩნდა ის ბოლო ქვეყანა, რომელიც იკვებებოდა იმ ილუზიით, რომ შეეძლო თავიდან აეცილება საკუთარი ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაცია ეკონომიკის იმ სტრუქტურისა და იმ საბიუჯეტო პოლიტიკის პირობებში, რომელიც მას აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად დაეცა ნავთობის ფასები და დოლარის გლობალურ გამყარებაც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტის დრამატული გაუფასურებაში შიდა ეკონომიკურმა შეცდომებსაც სერიოზული როლი ითამაშა.

აზერბაიჯანი 2015 წელს გახდა მსოფლიში ნომერ პირველი ქვეყანა ეროვნული ვალუტის დევალვაციის სიდიდის მიხედვით. მომდევნო ადგილები ყაზახეთს, ზამბიას, ბელორუსიას, არგენტინას და უკრაინას ეკავთ.

აზერბაიჯანმა ზუსტად გაიმეორა ის შეცდომები, რომელიც ყაზახეთის მთავრობამ და ცენტრალურმა ბანკმა. იქაც ეროვნული ვალუტის ორეტაპობრივი დევალვაცია განხორციელდა. ყაზახეთში პირველი დევალვაცია მოხდა გასული წლის თებერვალში, მეორე-აგვისტოში. თავდაპირველად, ტენგეს გაცვლის კურსი ფორმალურად იქნა გაშვებული თავისუფალ ცურვაში, მაგრამ ყაზახეთის ცენტრალური ბანკი მაინც არეგულირებდა მას, რითაც ქმნიდა ადგილობრივი ვალუტის ხელოვნურ დეფიციტს. ასეთმა პოლიტიკამ საბოლოოდ ის შედეგი გამოიღო, რომ აგვისტოში მოუწიათ ხელახალი, მნიშვნელოვანი დევალვაციის განხორციელება. დეკემბრის შუა რიცხვებისათვის ყაზახური ვალუტის კურსი დაეცა 1993 წლის ისტორიულ მინიმუმამდე. მთლიანობაში ყაზახური ტენგე წელიწადში ორჯერ და უფრო მეტად გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებაში.

მსგავსი პროცესები განვითარდა აზერბაიჯანშიც.

დრომ გვაჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პოზიცია იყო სწორი. მიუხედავად ზეწოლისა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან, ფორმალური თუ არაფორმალური სახელისუფლო ძალებისაგან და მათ მიერ დაქირავებული „ექსპერტებისაგან" , ლარის თავისუფალ მცურავ კურსზე გადასვლა კრიზისის დაწყების პირველივე დღეებიდანვე იყო გამართლებული ნაბიჯი. ფაქტობრივად, არჩეული იქნა ეკონომიკის გარე შოკების ზემოქმედებასთან ადაპტაციის უნივერსალური მექანიზმი, როცა ვალუტის გაცვლის კურსს მართავს ბაზარი და არა ეროვნული ბანკი. ამ პოლიტიკამ თავიდან აგვაცილა უცხოური ვალუტის რეზერვების განიავება , მნიშვნელოვნად იმოქმედა იმპორტის მოცულობაზე და უზრუნველყო ლარის კურსის ახალი, მეტნაკლებად სტაბილური წონასწორების ნიშნულისკენ გადანაცვლება.

საქართველოსგან განსხვავებული სტრატეგია აირჩია აზერნაიჯანმა. ცენტრალური ბანკი შეეცადა დიდძალი ინტერვენციების მეშვეობით კურსის ფიქსაციას, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა და 2015 წლის თებერვლის თვეში იძულებული გახდა პირველი დევალვაცია მოეხდინა. მიუხედავად ამისა, იგი კვლავ განაგრძობდა კურსის რეგულირებას, სანამ არ აღმოჩნდა უცხოური ვალუტის რეზერვების გაუმართლებელი შემცირების საფრთხის წინაშე, ხოლო კურსის დაჭერის მცდელობა აღმოჩნდა უშედეგო.

დეკემბრის შუა რიცხვებში აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ გადადიოდა მანათის თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმზე, რის შემდეგადაც იგი მომენტალურად გაუფასურდა 50 პროცენტით აშშ დოლართან მიმართებაში.

ნაცვლად იმისა, რომ მანათის გაცვლის კურსის ფორმირება მომხდარიყო თავისუფალ ბაზრზე, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი კვლავ თავად ადგენდა მის სიდიდეს და მხოლოდ 2016 წლის იანვრის დასაწყისში გახდა შესაძლებელი მანათის კურსის სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობის შედეგების მიხედვით დადგენა.

თუმცა ვერ აღმოჩნდა თანმიმდევრული აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი და მთავრობა თავის ქმედებებში. კვლავ აგრძელებენ ასეულობით მილიონი დოლარის ინტერვენციებს ბოლო კვირის განმავლობაშიც. ცდილობენ ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებით ჩააცხრონ აჟიოტაჟი, საბჭოური ტრადიციებით ებრძვიან შავ ბაზარზე გამოსულ „ვალუტჩიკებს", რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას, წარმოქმნის ვალუტის გაცვლის დამახინჯებულ კურს, რომელიც მომავალში აუცილებლად აისახება უარყოფითად ეკონომიკს გაჯანსაღების პროცესზე.

აზერბაიჯანის ხელისუფლების იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რომელსაც ახლა ვაკვირდებით, სავსებით მოსალოდნელია მანათის კიდევ უფრო გაუფასურება. ქვეყნის ცენტრალური ბანკი და მთავრობის სავლუტო ფონდი კვლავ მთავარ მოთამაშედ რჩება სავალუტო ბაზარზე, რაც არ იძლევა გაცვლის კურსის წონასწორობის ახალ რეალურ ნიშნულზე სტაბილიზაციის შესაძლებლობას.

მთავრობისა და ეროვნული ბანკის სწორი და შეთანხმებული მოქმედების შემთხვევაში სავალუტო კრიზისის დაძლევა და აღმავლობის დაწყება აზერბაიჯანში დაახლოებით წელიწადნახევარის შემდეგ თუ არის მოსალოდნელი. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ჩვენს საგარეო-ეკონომიკურ გეგმებშიც.

კომენტარები