ირანი

ირანს ბირთვული პროგრამის განვითარების გამო დაწესებული სანქციები მოეხსნა

ირანს ბირთვული პროგრამის განვითარების გამო დაწესებული სანქციები მოეხსნა. ამაზე გაეროს მუდმივმოქმედი წევრები და ევროკავშირი 2015 წლის ივლისში შეთანხმდნენ - ვენაში ირანმა ვალდებულება აიღო მნიშვნელოვნად შეემცირებინა ატომური  პროგრამა, ხოლო საპასუხოდ 2005 წლიდან დაწესებული სანქციების გაუქმებას ითხოვდა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მონიტორინგის შედეგად დაასკვნა, რომ ირანმა ეს ვალდებულება შეასრულა. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ზარიფიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ამ შეთანხმებას კიდევ ერთხელ უწოდებენ ისტორიულს. "გამომდინარე იქიდან, რომ ირანმა შეასრულა ვალდებულებები, მოეხსნა მრავალმხრივი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდებოდა", - აღნიშნულია ერთობლივ დოკუმენტში. 

ირანისთვის სანქციების მოხსნას მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდა ისრაელის მხრიდან. ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეთანხმებას ისტორიული შეცდომა უწოდა, მისმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ბოროტების ღერძის წინაშე გამოცხადებული კაპიტულაცია. 

კომენტარები