პროკურორის მკვლელობა

ბიძინა კუჭავას ოჯახი: ველოდებით კერძო ექსპერტს, რომელიც უკეთესად გამოიკვლევს

metro.us

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის მკვლელობაში ბრალდებულის, გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას ოჯახს გამოძიებასთან კითხვები აქვს. კუჭავას ოჯახის წევრის გიორგი ჯიქიას თქმით, ცხედარს დაზიანებები აქვს, რის გამოც პროცესში კერძო ექსპერტის ჩართვას ითხოვენ.

"ბიძინა კუჭავა იყო ჩემი მამობილი. ველოდებით კერძო ექსპერტს, რომელიც უკეთესად გამოიკვლევს, იმიტომ რომ ცხედარს გარკვეული დაზიანებები აღენიშნება. ეს კითხვებს ბადებს. თვითმკვლელობას გამოვრიცხავთ. გამოვრიცხავთ ბიძინა კუჭავას მიერ ვახტანგ ქირიას მკვლელობასაც", - განაცხადა გიორგი ჯიქიამ ინტერპრესნიუსის ცნობით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო სამხარეო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული რადიო საქართველოს ხმის დამფუძნებელი ბიძინა კუჭავაა. კუჭავამ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-ს ინფორმაციით, ბინა, რომელშიც ქირიას ცხედარი იპოვეს, ბიძინა კუჭავამ დაიქირავა. ქირიას ცხედარს კი დანაწევრების საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი კვალი ემჩნეოდა. შსს-ს ცნობით, კუჭავამ თავი პოლიციის მიერ დევნის ოპერაციის დაწყების შემდეგ მოიკლა. შსს-ში ამტკიცებენ, რომ ქირიასა და კუჭავას ახლონათესაური კავშირი ჰქონდათ, ჩადენილი დანაშაული კი არ უკავშირდება პროკურორ ქირიას სამსახურებრივ მდგომარეობას. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ვახტანგ ქირია სახლიდან 13 იანვარს, დაახლოებით 16:15-ზე გავიდა და მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით, მათივე თქმით, გარდაცვლილის მობილური ტელეფონი რუსთავში, გამვლელმა იპოვა. მისი ცხედარი 16 იანვარს, ქავთარაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში იპოვეს. 

კომენტარები