თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისის ოპერა: მოწვეულ სტუმართა სია კულტურის სამინისტროსთან ერთად შევადგინეთ

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი შენობის გასხნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაციის განმარტებით, გახსნაზე მიწვეული სტუმრების სია კულტურის სამინისტროსთან ერთად შეარჩიეს. 

"30 იანვრიდან, 6-წლიანი პაუზის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა საზეიმოდ იხსნება. ბუნებრივია, ოპერის შენობა არ იძლევა საშუალებას, რომ ყველა მსურველი გახსნის პირველივე დღეს დაესწროს პრემიერას, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება სამი საპრემიერო ჩვენების გამართვასთან დაკავშირებით.

გვსურს განვაცხადოთ, რომ გახსნის პირველ დღეს დაგეგმილ ღონისძიებაზე დამსწრეთა ნუსხა ოპერისა და ბალეტის ადმინისტრაციამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთობლივად შეადგინა. მოწვეულია მრავალრიცხოვანი დასის ყველა წევრი, შემოქმედებითი კოლექტივი, მსახიობები, მუსიკოსები, საზოგადო მოღვაწეები, დიდი ქართველი კომპოზიტორების ოჯახის წევრები და შთამომავლები, უცხოელი სტუმრები, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსი. საპრემიერო ჩვენებაზე მოსაწვევებით დასწრება საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა და აპრობირებული მეთოდია.

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გახსნა ჩვენი ეროვნული ზეიმია. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომდევნო საპრემიერო ჩვენებებზე დასწრების ასეთივე მაღალი ინტერესი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის განახლებული შენობის გახსნაზე დასწრებას მხოლოდ მიწვეული პირები შეძლებენ. კერძოდ, თეატრის, მთავრობის, საპატრიარქოსა და ქართუ ჯგუფის წარმომადგენლები. თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თქმით, "ჩვენ მაქსიმალური აქცენტი გავაკეთეთ საზოგადო მოღვაწეებზე თეატრალური მიმართულებით და იმ ადამიანებზე, ვინც ღირსია, რომ ეს დღე ნახოს".

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 30 იანვრის პროგრამას ოპერის მოყვარულებს 31 იანვარს, 2 და 26 თებერვალს შესთავაზებს. ბილეთების გაყიდვა ოპერის სალაროში 18 იანვარს, 12:00-ზე დაიწყო. ბილეთების ფასი 30 ლარიდან იწყება, პარტერში კი, ბილეთი 100-150-200 ლარი ღირს.

კომენტარები