ეკონომიკური კრიზისი

ენმ: მზად ვართ, პრემიერს შევხვდეთ და ჩვენი ეკონომიკური გეგმა გავაცნოთ

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მზად არის პრემიერ კვირიკაშვილთან შესახვედრად. ბაქრაძის თქმით, პარტიას მზად აქვს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.

"ბოლო 3 წლის განმავლობაში ქართული ოცნების და ივანიშვილის მთავრობის მიერ დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა, ერთიანი ეკონომიკური ხედვის არარსებობამ, უნიათობამ და მავნებლურმა რეგულაციებმა საქართველო შეიყვანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, რისი შედეგიც გახლავთ ლარის გაუფასურება, ეკონომიკური ზრდის შეჩერება და ათიათასობით ოჯახის უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრება. მთავრობა დღემდე არ აღიარებს ეკონომიკურ პრობლემებს და დღემდე ვერ წარმოადგინეს ერთიანი გააზრებული გეგმა. რა თქმა უნდა, საბოლოო გამოსავალი ამ ყველაფრიდან გახლავთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების ხელისუფლების მშვიდობიანი და პოლიტიკური გზით დასრულება, მაგრამ არჩევნებამდე 9 თვეა დარჩენილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ პრემიერ კვირიკაშვილს და გავაცნოთ ის ეკონომიკური გეგმა, რომელსაც თვეებისა და წლების მანძილზე წარვუდგენთ საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეხვდებოდა ოპოზიციას და განიხილავდა ანტიკრიზისულ გეგმას და თუ ეს სიტყვები იყო მისი რეალური განზრახვა, ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის", - განაცხადა ბაქრაძემ.

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის დეტალებზე კი საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ისაუბრა.

"ჩვენ ამ გეგმას ჯერ კიდევ 2013 წლიდან ვთავაზობდით, თუმცა 3 წლის განმავლობაში ყველა ჩვენს შეთავაზებაზე იყო საკმაოდ არადამაჯერებელი და არაგულწრფელი პასუხი, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა და ყველაფერი კარგად მიდის. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ შეთავაზებებზე. პირველ რიგში, უნდა მოხდეს პენსიის ზრდა 50 ლარით, ასევე გადასახადების დაწევა, მოგების გადასახედების სრულიად გაუქმება და საშემოსავლო გადასახადის მინიმუმამდე შემცირება, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით მუხლების შემცირება და დანაშაულის დეკრიმინალიზაცია, ეს მოცემული ინიციატივები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები