თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

რელიგიათა საბჭო ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმას გმობს

რელიგიათა საბჭო
tolerantoba.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. საბჭოს წევრები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ 12 იანვარს, ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტებზე რელიგიური სიტუაციის კრიტიკული განხილვის მოტივით თავდასხმის გამო. მათი შეფასებით, "მოცემული შემთხვევა საგანაგაშო გამოხატულებაა იმისა, რომ საქართველოში განსხვავებული პოზიციის პატივისცემა ერთ-ერთ მძიმე პრობლემას წარმოადგენს".

რელიგიათა საბჭოს განცხადებით, შეუწყნარებლობას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე სამართალდამცველების მხრიდან არაადეკვატური და არაეფექტური რეაგირებაა. მათი შეფასებით, "დაუსჯელობის განცდა, როგორც ჩანს, მიზეზი ხდება ყოველი მორიგი სამართალდარღვევისა".

რელიგიათა საბჭო გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმას და აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეუხებლობა, რელიგიური და მსოფლმხედველობრივი პლურალიზმის პატივისცემა არის გარანტი საქართველოს დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებისა.

"აქედან გამომდინარე, ეს სახელმწიფომ უპირობოდ და მკაცრად უნდა დაიცვას. ყოველივე ამასთან ერთად, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ტელეკომპანია ტაბულასა და ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც გაბედულად ემსახურება მრავალფეროვნების წარმოჩენას, ტოლერანტობის კულტურის განვითარებასა და თავისუფალ სიტყვას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები - საქართველოს ებრაელთა კავშირი, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, ეზიდთა სასულიერო კრება, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია, წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია, საქართველოს ევანგელისტური ეკლესია, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია, კრიშნას ცნობიერების საზოგადოება - თბილისის ვედური კულტურის ცენტრი, ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი, მეგობართა რელიგიური საზოგადოება - კვაკერები, სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია, ქრისტიანულ-პროტესტანტული ეკლესია „ქრისტეს ეკლესია", ბაჰაის საზოგადოება საქართველოში, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია და საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია.

კოტე აფხაზის ქუჩაზე, რესტორან ჭაშნაგირში ტაბულას ჟურნალისტებს, ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ტაბულას ყოფილ თანამშრომელს, ავთო ქორიძეს, თავს 12 იანვარს დაესხნენ. ტაბულას ჟურნალისტის, ირაკლი კიკნაველიძის თქმით, რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რესტორნის ინვენტარი დააზიანა. კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. კიკნაველიძემ და მასთან მყოფმა პირებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

კომენტარები