ლარის კურსი

მელიქიშვილი: ეროვნული ვალუტა უფასურდება და ძალიან ახლოსაა საგანგაშო ზღვართან

garbonline.tv

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ეროვნული ვალუტა უფასურდება და ძალიან ახლოსაა საგანგაშო ზღვართან.

"მთავრობის ზერელე დამოკიდებულება, პირველ რიგში, აისახება ეკონომიკის შემცირებასა და ლარის გაუფასურებაზე. ეს ყველაფერი კი საქართველოს მოსახლეობას აწვება ტვირთად, რომელიც ყოველდღიურად ღარიბდება. ლარი კურსი ისევ ეცემა, ბოლო 13 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკი რეზერვებს შეუქცევადად ხარჯავს, დაახლოებით 407 მილიონი დოლარია დახარჯული ისე, რომ უკან 1 დოლარიც არაა შესყიდული.

მცირდება ექსპორტი, ინვესტიციები, მთავრობა კი არაფერს არ აკეთებს და მხოლოდ ზერელე განცხადებებითაა შემოფარგლული. კომერციულ ბანკებში კი ლარის კურსი, ფაქტობრივად, ახლოსაა ძალიან საგანგაშო ზღვართან. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ესაა პერიოდი, როდესაც პროცენტების განაღდება უწევთ იმ ადამიანებს, რომლებიც მრავლად არიან საქართველოში, დაახლოებით 530 ათასი ჩვენი მოქალაქეა კრედიტზე დამოკიდებული.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას გამოფხიზლდნენ, დღეს მთავარი საზრუნავი ეროვნული ვალუტის გადარჩენაა, არ შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის იმედად ყოფნა, რადგან ეს ამოწურვადია", - თქვა მელიქიშვილმა.

კომენტარები