პრემიერი დავოსში

პრემიერი: ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ დაძაბულობა რუსეთთან

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ დაძაბულობა რუსეთთან, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა". მისივე შეფასებით, ახალი აბრეშუმის გზა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს სრულიად ახალი შესაძლებლობების წინაშე აყენებს.

"ახალი აბრეშუმის გზა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის. ეს არის მთლიანად ევრაზიის კონტინენტისთვის მნიშვნელოვანი პროექტი. ევროპას ესაჭიროება აზიური დინამიზმი და პროდუქცია, აზიას კი ესაჭიროება ევროპული ტექნოლოგიები და გამოცდილება, მათი უმოკლესი დამაკავშირებელი მაგისტრალი კი ახალი აბრეშუმის გზაა. საქართველოზე გეტყვით, რომ ჩვენ ვასრულებთ ბაქო-თბილისი-ყარსისა და ჩქაროსნული გზატკეცილის პროექტებს. ყაზახეთსა და სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ ჩვენი სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაზე. ჩინეთიდან საქართველოში სატესტო მატარებელი მხოლოდ შვიდ დღეში ჩამოვიდა. ცენტრალურ ევროპამდე კი მხოლოდ 11 დღეა საჭირო, რაც ტვირთების ზღვით გადატანასთან შედარებით გაცილებით მოკლე გზაა. ვგეგმავთ მრავალ ამბიციურ პროექტს, შავ ზღვაზე ანაკლიაში ავაშენებთ ახალ პორტს, მოვახდენთ საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციას და გავაუქმებთ მოგების გადასახადს. ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენ ვცდილობთ შევამციროთ დაძაბულობა რუსეთთან, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა", - თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა დავოსში ინვესტორებთანაც გამართა შეხვედრები. კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდსაც შეხვდა.

კომენტარები