ბულინგი

ბულინგის დასაძლევად სკოლებში საპილოტე პროგრამა დაიწყო

არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს დახმარებით, სკოლებში ბულინგის პრევენციის პროექტს იწყებს.  ბულინგის დაძლევაზე მიმართული სასკოლო პროგრამა საპილოტეა და ამ ეტაპზე თბილისის ორ კერძო სკოლას - მწვანე სკოლასა და ქორალს მოიცავს. ავტორების თქმით,  პროექტის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიით თანატოლებს შორის სხვადასხვა ფორმის  ჩაგვრა უნდა შემცირდეს  და გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო. 
 
პროგრამის საჯარო სკოლებში განხორციელების შესაძლებლობა პროექტის ავტორებს ჯერჯერობით არ მიეცათ. როგორც თავად ამბობენ, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ნახევარწლიანი მიმოწერისა და შეხვედრების შემდეგ თანამშრომლობა ვერ შედგა, რადგან უწყებამ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.
 
დღეს გამართულ პრეზენტაციას  განათლების სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა. მან თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ, ბულინგის პრობლემის შესახებ ტაბულას კითხვას განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ უპასუხა, რომ მსგავსი შემთხვევები "ცალკეულია“ და მათზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. შეკითხვის  საფუძველი მაშინ თბილისის ერთერთ სკოლაში თანატოლების მიერ 13 წლის მოსწავლის რელიგიური მოტივებით ცემა გახდა. აღიარებს თუ არა განათლების სამინისტრო სკოლებში ბულინგის პრობლემას, ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი ტაბულამ დღეს ვერ მოიპოვა, თუმცა პრობლემის რეალურობას ადასტურებს კვლევები - მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული. 
 
სკოლებში მსგავსი პროექტების აუცილებლობაზე საუბრობენ ფსიქოლოგები. მაია ცირამუას თქმით,  ხსენებული პროექტი ბავშვების გარდა, ფსიქოლოგების სკოლის პერსონალთან მუშაობასაც ითვალისწინებს. 
 
კერძო სკოლა ქორალი ერთერთია იმ ორი სკოლიდან, სადაც პროექტის საპილოტე ვერსია განხორციელდება. სკოლაში ამბობენ, რომ ბულინგის პრობლემა არ დგას, თუმცა პრევენციულ ზომებს მიესალმებიან.
 
ბულინგი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის, ძალადობის, აგრესიის ხანგრძლივი გამოხატულებაა. მოზარდები შეიძლება გახდნენ ბულინგის მსხვერპლი რელიგიური, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული იმიჯის და შეხედულების გამო. ბულინგის პრობლემა მწვავედ დგას მსოფლიოს  განვითარებულ ქვეყნებშიც. საქართველოს საჯარო სკოლებში ბულინგის ამსახველი ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.
 

კომენტარები