ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბოკერია: ქვეყანას მთავრობა იმიტომ ჰყავს, რომ საგარეო ფაქტორებსაც გაუმკლავდეს

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ლარის გაუფასურება მთავრობის პასუხისმგებობაა. ბოკერიამ რუსთავი ორის ეთერში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა პრობლემის არსებობას არ აღიარებს. მან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისულ გეგმასა და მთავრობის დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა. ბოკერიამ ასევე თქვა, რომ ლარის გაუფასურებას ეროვნული ბანკის ინტერვენციები ვერ უშველის და ამას მეზობელი ქვეყნების მაგალითიც ადასტურებს. 

"აქ არის მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენ გვყავს ივანიშვილის მთავრობა, რომელიც არ აღიარებს, რომ რაიმე პრობლემაა. ეს ხალხი აბსოლუტურად უტიფრად აცხადებს კრიზისის დასაწყისიდანვე, რომ ლარი კარგად იქცევა. ისინი დღემდე ამბობენ, რომ ხალხს პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ მათ ეს არ შეხებიათ და არ აწუხებთ. 500 000 ადამიანს ჰქონდა სესხი დოლარში და ამ ადამიანების მდგომარეობა დრამატულად გაუარესდა. ამას ემატება ინფლაცია, ყველამ ვიცით, რომ ფასები ავარდა და ბუნებრივია, ვისაც სესხი არ აქვს, იმათაც დაარტყა საშინლად. შემცირებულია იმპორტი და ექსპორტი" - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ რაღაც საგარეო ფაქტორები შეიძლება, მართლაც არსებობს, მაგრამ მთავრობამ გამოწვევების დროს უნდა იმოქმედოს.

"ხშირად სულელური მაგალითები მოჰყავთ. კარგი, გადმორიცხვები შემცირდა, მაგრამ ქვეყანას მთავრობა იმიტომ ჰყავს, რომ გამოწვევების დროს, საგარეო ფაქტორების დროს იმოქმედოს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საგარეო ფაქტორებს აქვს დადებითი მხარეებიც, როცა ნავთობის ფასი არის დაბალი, ეს ამცირებს ინფლაციის ძალიან ზრდის შანსებს. მთავრობას უნდა ემოქმედა და არ გადაედგა მავნებლური ნაბიჯები" - თქვა ენმ-ის საგარეო ურთირთობათა მდივანმა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა აფრთხილებდა მთავრობას, არ შემოეღო სავიზო რეგულაციები, არ ესაუბრა უარყოფითად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, მიეხედა კრიმინალისთვის, არ შეეჩერებინა საშემოსავლო გადასახადის დაგეგმილი შემცირება, არ გაეზარდა გადასახადი წყალზე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე. ენმ-ის საერთაშორისო მდივანი აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი მოქმედებს ტურიზმზე, ინვესტიციებზე და შესაბამისად, ლარის კურსზე.

"ვეუბნებოდით, "როცა ქვეყანას ასე უჭირს, ნუ გაზრდით ბიუროკრატიულ ხარჯებს, საკუთარი ნათესავების გამო", "სოციალურ ხარჯებშიც იყავით ზუსტი", რადგან არასწორი სოციალური ხარჯები და პოპულიზმი ურტყამს ეკონომიკას და საბოლოო ჯამში, ვითომ ვისზეც ზრუნავენ, იმათაც. ვეუბნებოდით, რომ რეგულაციები არ შეიძლება, არ შეიძლება, რომ კომისიების შექმნით წაახალისო ექსპორტი, იმიტომ რომ ეს ბიუროკრატიას ზრდის. ვაფრთხილებდით, მიწის საკუთრებაზე ასე ნუ ითამაშებთ. უამრავი გართხილება იყო, რომ დეფიციტი უნდა შეამცირო, შიდა ვალის აღება საშიშია... ყურსაც არ იბერტყავდნენ" - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ენმ-ის გეგმით, ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს, ასევე, მთავრობის ახალი ინიციატივები არ უნდა შესრულდეს.

"ახლა რა ინიციატივებიც აქვთ, რომ ვისაც იაფად აქვს შემოტანილი, იმას შეუმოწმონ, დემპინგი ხომ არ არის. ვითომ სამამულო პროდუქციის წახალისების მიზეზით ხალხს კიდევ უფრო უძვირებენ პროდუქტს ამ გაჭირვებაში. კიდევ, კორუფციული სქემებით რაღაც პროდუქტები რომ მოიფიქრეს - "გაკეთებულია საქართველოში" და მერე რომ ამოვარდება ხოლმე ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის გვარი. ხარჯები უნდა შეცირდეს ძალიან სერიოზულად იმისთვის, რომ ერთდროულად დეფიციტიც შევამციროთ, გადასახადებიც დავწიოთ და პენსიონერებს გავუზარდოთ პენსია 50 ლარით, ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასაც. ეს ახლა აღიარა ახალმა პრემიერმა, თუმცა ჩვენს მომზადებულ კანონპროექტზე უარყოფითი პასუხი გასცეს. ჩვენს გეგმაზეც თქვა ახალმა პრემიერმა, რომ მზად არის განიხილოს, მაგრამ ახლა პასუხსაც არ გვცემს.

ეს ხალხი არაფრის გამკეთებელი არაა. ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, რომ იქნებ შევაცვლევინოთ ან შევანელებინოთ მავნებლური ინიციატივები ამ რვა თვის განმავლობაში. მაგალითად, მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვა და ძველი მანქანების დაბეგვრა. ეს უნდა ვცადოთ, რადგან ყოველი დღე ამ მავნებლობის, ართულებს ვითარებას შემდგომ გამოსწორების თვალსაზრისით, მაგრამ ოქტომბერში ეს კაცი უნდა გავუშვათ. ეს კაცი, რომელიც არის მილიარდერი, კომუნიზმს დაგვპირდა და მერე საკუთარი ახლობლები და ნათესავები დაასაქმა, ხეებს ჭრის საკუთარი გართობისთვის... ეს კაცი და მისი თოჯინების გუნდი უნდა მოვიცილოთ და ეს ანტიკრიზისული გეგმა უნდა შევასრულოთ, რომ სწრაფად გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ქვეყანას სჭირდება ახალი ბიძგი. როცა ასეთ ჭაობში შეხვალ, საჭიროა, რომ ქვეყანამ გარღვევა მოახდინოს, საქართველო ისევ უნდა გახდეს ვარსკვლავი და გაუმჯობესდეს ბევრი თვალსაზრისით. მაგალითად, ბიზნესის დეკრიმინალიზაციის, იქ სადაც მინუსები და სერიოზული შეცდომები იყო და გამორჩეულები ვიყოთ ისევ, იმიტომ რომ აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის ისევ ამოქოქვა. ამის გარეშე ჩვენ ამ კრიზისიდან ვერ გამოვძვრებით და ამას აუცილებლად გააკეთებს ქართველი ხალხი შემდეგი ოქტომბრის არჩევნებზე" - განაცხადა ბოკერიამ რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები