ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

კანდელაკი: აგრამუნტის განცხადებაზე ქართული ოცნების რეაქცია სამარცხვინოა

0 კომენტარი
გიორგი კანდელაკი ფოტო: თეორემა/ტაბულა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება იყო შეჯამება იმისა, რომ "საქართველოში არიან პოლიტპატიმრები და დემოკრატია, როგორც პოლიტიკური წესწყობილება, ქართული ოცნების ხელში განიცდის რღვევას. არის ამ ყველაფრის შეჯამება და ძალიან კონკრეტული დიაგნოზი". კანდელაკმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში ჩართვისას თქვა, რომ "აქ საყურადღებო და საგანგაშო არის [ქართული ოცნების წევრების] რეაქცია დღევანდელ განცხადებაზეც და სხვა შეფასებებზეც საქართველოში მიმდინარე პროცესებისა". 

მისივე თქმით, პედრო აგრამუნტი ასამბლეის პრეზიდენტად ერთხმად აირჩიეს და არავინ არ ყოფილა წინააღმდეგი, მათ შორის, არც ქართული ოცნების დელეგაცია. "საწინააღმდეგო აზრიც კი არ გამოუთქვამთ" - აღნიშნავს კანდელაკი. კითხვაზე, აგრამუნტის კრიტიკის ფონზე, რით ახსნეს მხარდაჭერა, დეპუტატი ამბობს, რომ "ძნელია ძალიან არარაციონალური და საზიანო ქცევის ახსნა". 

"ჩვეულებრივი მოქალაქისთვის საინტერესო ის არის, რომ ქართული ოცნების წევრებს სამარცხვინო რეაქცია ჰქონდათ. ერთია, როცა ყოველდღე იძახი, რომ ვიღაცა ტყუილს ამბობს და მეორეა, როცა ამხელა მნიშვნელობის და წონის ინსტიტუტის თავკაცს, პრეზიდენტს თავლაფს ასხამ - პიროვნული შეურაცხყოფები, ასაკზე გამონათქვამები. ეს არის არამხოლოდ თავისმომჭრელი ამ გამონათქვამების ავტორების, ეს არის საქართველოსთვის სამარცხვინო და შეგვახსენებს, რამხელა ზიანი მოაქვს მთლიანობაში ჩვენი ქვეყნისთვის ამ გზას, რომელსაც ადგას ჩვენი მთავრობა. იმის ნაცვლად, რომ ხალხის პრობლემების გადაწყვეტაზე იხარჯებოდეს დრო, ენერგია და რესურსი ჩვენი მთავრობისა, იხარჯება ასეთ რაღაცებზე. ეს არის არასტაბილური, არაცივილიზებული და არაპროგნოზირებადი ხალხი, რომელიც მართავს დღეს საქართველოს და ხელს უწყობს ზოგად უკუსვლას, რომელსაც მრავალი გამოხატულება აქვს" - თქვა კანდელაკმა.

დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა განაცხადა, რომ მისი პრიორიტეტი გიგი უგულავას, ნადია სავჩენკოს და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნება. მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა და თქვა, რომ "იმედია, ბატონი აგრამუნტი ახლა, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, დროებით მაინც დაივიწყებს თავის პირად პოლიტიკურ მეგობრებს, პოლიტიკურ სიმპატიებს და შეძლებს, რომ თავის საჯარო განცხადებებში დაბალანსებულად და ევროსაბჭოს საპარლაენტო ასამბლეის პრინციპების დაცვით მოახდინოს რეაგირება". მისივე თქმით, "ბუნებრივია, დამაკნინებელია, როდესაც საუბარია ისეთ ცნობილ პოლიტიკურ პატიმარზე, როგორიც არის სავჩენკო, მასთან ერთად იყოს ნახსენები უკვე მსჯავრდებული და სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბატონი უგულავა, ამიტომ ეს განპირობებულია პოლიტიკური სიმპატიებით ბატონი აგრამუნტის მხრიდან, ნაციონალური მოძრაობის მიმართ".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები