თარგამაძე: სახელმწიფოს და ქურდული სამყაროს თანამშრომლობა გრძელდება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ სამეგრელოში, სახელმწიფოსა და ქურდული სამყაროს თანამშრომლობის მაგალითზე ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აქ მოქმედ სისტემაში, რეგიონის რწმუნებულთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიც არის ჩართული და საქმეში აფხაზი კრიმინალებიც მონაწილეობენ.

"ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად დაიწყო ქურდული სამყაროს გამოღვიძება და გაძლიერება. ჯერ იყო ბესელია-კაკაბაძის ქურდულ-ჯაშუშული "პოლიტპატიმრების" გამოშვება, შემდეგ მასობრივი ამნისტია, შემდეგ კრიმინალური ავტორიტეტების „გამოწერა", მათთვის თბილისის აეროპორტში „მალინის" მოწყობა და შემდგომ მშვიდობიანად საზღვარგარეთ გაშვება. ამის სანაცვლოდ, ქურდულმა ავტორიტეტებმა "ოცნებას" მაყურებლების მეშვეობით ციხე „დაულაგეს" და არჩევნებშიც დაეხმარნენ. მოგვიანებით "ქართული ოცნება" კიდევ უფრო შორს წავიდა და აჭარაში მთავრობამ, პოლიციამ და კრიმინალებმა სრულ სიმბიოზს მიაღწიეს. დღეს გვინდა, სახელმწიფოსა და ქურდული სამყაროს თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ.

ამჯერად საქმე ეხება სამეგრელოს რეგიონს. სისტემა აქაც იგივეა - სისტემის ძირითადი მოთამაშე რეგიონალური ხელისუფლება, ამ შემთხვევაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებული ლევან შონია და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი - ხვიჩა ცხაკაია და რეზო ლაზიშვილი (ზედმეტსახელად ბუდოკი). სისტემის შესახებ საქმის კურსშია და ხეირობს ცენტრალური ხელისუფლება. ბოლო დრომდე ცენტრს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ტრადიციული სახე, სიმამრი თამაზ თამაზაშვილი წარმოდგენდა. თუმცა, არსებობს გარკვეული განსხვავებაც.

ოკუპირებულ ტერიტორიასთან სიახლოვის გათვალისწინებით, სქემაში ოკუპირებული ტერიტორიებიც არის ჩართული და საქმეში აფხაზი კრიმინალებიც მონაწილეობენ, მათი წარმომადგენელი თემურ გვასალიაა, ხოლო შუამავალი კი ყოფილი „ტყის ძმების" მეთაური დათო შენგელია.

სიმბიოზის თანამშრომლობის საგანი თხილის ბიზნესი და კონტრაბანდაა. ჯგუფმა თხილის გადამამუშავებელი ქარხნები საოკუპაციო ხაზის მიღმა გალის რაიონში გახსნა და ჩასაბარებელი ფასის განსხვავებაზე თამაშით, სახელმწიფო ბიუჯეტის ავლით, მნიშვნელოვანი თანხა იშოვა. გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსეთის ბაზებიდან სამეგრელოს რეგიონში კონტრაბანდური წესით კარაქი და რძის ნაწარმი გადმოაქვთ, ხოლო უკან კი თხილი და მინერალური წყალი.

2015 წლის მაისში, აფხაზი კრიმინალების მოთხოვნით, გალის რაიონში გაიგზავნა რეანემობილი, რომელმაც თემურ გვასალია გადმოიყვანა. შეთანხმების თანახმად, გვასალიასთვის უნდა ემკურნალათ და თურქეთის ტერიტორიაზე გადაეყვანათ. ამისთვის მას ჯერ სხვა სახელსა და გვარზე ყალბი „აფხაზური პასპორტი", ხოლო შემდეგ კი ნეიტრალური დოკუმენტი გამოუწერეს. შუამავალი დათო შენგელია იყო, ხოლო უსაფრთხოებას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიცია იღებდა. ამ „მომსახურებისთვის" მათ 600 000 დოლარი აიღეს. როგორც ჩანს, თანხაც და ინფორმაციაც ვიწრო წრეში გავრცელდა. შედეგად საქმეში ანტიტერორისტული ცენტრი ჩაერია და რეანემობილი დააკავეს. როგორც ჩანს საქართველოში კვლავაც აქტუალური გახდა შევარდნაძის ეპოქის დროინდელი ძალოვანი სტრუქტურების (უშიშროების სამსახური - შსს) ქიშპობა და დაპირისპირება.

თემურ გვასალიას ბრალი ედებოდა მასზედ, რომ "ჩაიდინა კანონიერი ქურდობა; ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა." (ციტატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენიდან, საქმე 1/792-14). ბრალდების თანახმად,გვასალიამ აღიარა ქურდულ სამყაროს წევრობა და ის, რომ „მოქმედებს მათ მიერ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას ღებულობს ქურდულ გარჩევებში, ორგანიზებას უწევს ქურდულ სამყაროს და იჩენს აქტიურობას მისი მიზნების განსახორციელებლად". გარდა ამისა, 2015 წლის 14 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოუღეს 0,35728 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რისი მოწმეებიც იყო პოლიციის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გამოძიებას მისცეს შესაბამისი ჩვენება. თემურ გვასალიას შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და პროკურატურამ განაგრძო ძიება.

თითქოს ყველაფერი გასაგებია და გვასალიასთვისაც სასამართლოს შესაბამისი განაჩენი უნდა გამოეტანა, მაგრამ მოულოდნელად 17 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ გააუქმა აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა და ის დაუყოვნებლივ გაანთავისუფლა სასამართლო დარბაზიდან. ამის მიზეზი იყო ის, რომ კანონიერი ქურდობის ბრალდების ნაწილში საერთოდ არ ყოფილა წარდგენილი პირდაპირი მტკიცებულება, ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ნაწილში სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა ერთმანეთთან შეუთანხმებელი საეჭვო, არასარწმუნო მტკიცებულება. მარტივად, რომ ვთქვათ სამი პოლიციელის ჩვენება ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა და სასამართლომ დაადგინა 15 შეუსაბამისობა. დაუჯერებელია, რომ სამ პოლიციელს თვე-ნახევრის განმავლობაში დაევიწყებოდა საქმის დეტალები და ასეთი შეუსაბამისი ჩვენებები მიეცათ. უპრიანია ვივარაუდოთ, რომ საქმეში ლევან შონიას მფარველი - მაშინდელი პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი და მისი სიმამრი - ჩაერია და პოლიციელებმაც ჩვენება შეცვალეს. ანალოგიურად, კანონიერი ქურდობის მიმართულებით პროკურატურამ არ განახორციელა შესაბამისი ღონისძიებები, რათა დაემტკიცებინა გვასალიას კრიმინალურ სამყაროს კუთვნილება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საოლქო პროკურორი გიზო უბილავა ლევან შონიას ქვისლია. ასევე, ლევან შონიას ახლობელია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსი კობა ხარებავა. აღსანიშნავია, რომ ბატონი ხარებავა ერთხელ უკვე მოხსნეს ამ თანამდებობიდან, რის შემდეგაც ლევან შონიას ძალისხმევით გადაიყვანეს მესტიის, ხოლო შემდეგ კი აბაშის რაიონული საამმართველოს უფროსად. ბოლოს კი პირვანდელ თანამდებობაზე დააბრუნეს.

პროკურატურის ძალისხმევის შედეგად თემურ გვასალია გაათავისუფლეს და ლევან შონიაც პირვანდელ გეგმას დაუბრუნდა.

პრემიერის ცვლილების მოუხედავად, ლევან შონია კვლავაც თანამდებობაზეა, რაც იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ძველი სისტემით ახალი მოთამაშეები ისარგებლებენ და შედეგი იგივე დარჩება. შედეგი კი გაზრდილი კრიმინალი, დაუძლურებული სახელმწიფო სტრუქტურები, კორუფცია და გაძლიერებული ქურდული სამყაროა. ამ ყოველივეს კი თითოეული მოქალაქე თავის თავზე გრძნობს", - თქვა გივი თარგამაძემ.

კომენტარები