ჩინეთი

ჩინური ბირჟებიდან გასული 13 თვის ზრდა გაქრა

forbes.com

ჩინური საფონდო ბირჟები ვარდნას განაგრძობენ, 26 იანვარს ქვეყნის წამყვანი საფონდო ინდექსები გასული 13 თვის მინიმუმამდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წელს არსებული მთელი ზრდა გამქრალია. არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები და კაპიტალის შედინება კიდევ უფრო მეტად შემცირდება, რაც აქციების გაუფასურებას იწვევს.

ჩინეთის წამყვანი საფონდო ინდექსი შანჰაი კომპოზიტი დღეს 6.4%-ით შემცირდა, არსებობს მოლოდინი, რომ ჩინურ ახალ წლამდე (8 თებერვლამდე) აქციების ფასები კიდევ უფრო მეტად დაეცემა.

ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აქციების ვარდნას პირდაპირი ინტერვენციებით შეებრძოლოს, რის გამოც გაუფასურებული კომპანიების აქტივებს ყიდულობს. Bloomberg-ის ინფორმაციით, იანვარში ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებიდან აქციების შესყიდვაზე უკვე $67 მილიარდი დაიხარჯა. 

ჩინეთის ეკონომიკა შენელდა, 2015 წელს ქვეყანაში ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი, 6.9%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო. ჩინეთი განვითარებადი მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია, მისი ეკონომიკის შენელება კი ყველა განვითარებადი ქვეყნის, განსაკუთრებით კი აზიური ქვეყნების, ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭებაში აისახება.

ჩინეთის ეკონომიკის შენელება ნედლეულის ფასებზეც უარყოფითად აისახება, რადგანაც არსებობს ვარაუდი, რომ ქვეყანა მომავალში უფრო ნაკლები რაოდენობით ნედლეულს მოიხმარს, რაც პროდუქციის ფასების შემცირებას იწვევს. ნავთობის ფასების ვარდნის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩინეთში არსებული შენელებაა. 

ბირჟების ვარდნა ჯერჯერობით ეკონომიკის ყველა სექტორზე არ გადასულა, თუმცა მისი სამშენებლო სექტორზე გადასვლის შემთხვევაში ქვეყანაში გაცილებით უფრო დიდი კრიზისი შეიძლება დაიწყოს. ჩინეთში გასული წლების მანძილზე უძრავ ქონებაზე ფასები ბანკებში არსებულ საპროცენტო განაკვეთებზე სწრაფად იზრდებოდა, რის გამოც მოსახლეობა საკუთარი დანაზოგებით უძრავ ქონებას ყიდულობდა. ამ სექტორში კრიზისის დაწყება კი მოსახლეობასა და მსოფლიო ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახება, რასაც პოტენციურად ახალი გლობალური ფინანსური კრიზისის გამოწვევაც შეუძლია. ამის შესახებ ჯორჯ სოროსიც საუბრობს და ინვესტორებს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

კომენტარები