საქართველო-რუსეთი

ლავროვი: მოლოდინი, რომ გაზპრომთან მოლაპარაკება ჩაიშლება, უსაფუძვლოა

РИА Новости

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრა. გაზპრომთან მოლაპარაკებებს მან "პრაგმატული პროცესი" უწოდა და აღნიშნა, რომ მოლოდინი იმის შესახებ, თითქოს მოლაპარაკებები ჩაიშლება, უსაფუძვლოა. მისი თქმით, ეს მოლაპარაკებები საქართველოს გარდა, სომხეთისთვისაც მოგებიანია.

ლავროვმა პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან გამოდის.

"ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა იყოს ნორმალური და კეთილმეზობლური. ქართველი ხალხი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს. დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის ჩვენი ინიციატივით არ შეწყვეტილა", - თქვა ლავროვმა.

ლავროვი აგვისტოს ომსაც შეეხო. მან მიხეილ სააკაშვილი "საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში" დაადანაშაულა.

"ეს იყო მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური პოლიტიკის შედეგი. ის პროვოკაციებით არის ცნობილი, რომლის ნაწილი მისი ინიციატივით, ნაწილი კი შეკვეთით ხდება", - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ლავროვმა ასევე გააკრიტიკა გაეროში საქართველოს მიერ შეტანილი ყოველწლიური რეზოლუცია ლტოლვილების შესახებ და მას "ცალმხრივი" უწოდა. მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, ამ რეზოლუციაზე გაეროში იმსჯელოს მხოლოდ აფხაზებისა და ოსების მონაწილეობით.

ამას გარდა, ლავროვმა ამერიკა ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა, რადგან, მისი თქმით, ის აფხაზებსა და ოსებს ვიზებს არ აძლევს იმის ფონზე, როდესაც კოსოვოს მოქალაქეებს ვიზების მიღების პრობლემას არავინ უქმნის.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს, რადგან პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს საწვრთნელი ბაზები აქვთ, რაც სახიფათოა. მისი თქმით, სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის დაწესების ერთ-ერთი მიზეზი.

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის აღდგენას, ლავროვის თქმით, მოსკოვი მომავალში მზად არის უვიზო რეჟიმზე წამოვიდეს, თუმცა ამაზე მსჯელობა უცნაური ჩანს, რადგან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ამ დრომდე არ არსებობს.

ლავროვი კარასინი-აბაშიძის ფორმატსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ შორის სანდო ურთიერთობაა დამყარებული, რაც საშუალებას აძლევს, ყველა საკითხზე ისაუბრონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქართველ კოლეგასთან ურთიერთობის დაწყების მზადყოფნაც გამოთქვა და ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადება შეახსენა, რომლის თანახმადაც, ის მზად არის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.

"მზად ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა", - დაამატა ლავროვმა.

კომენტარები