ლარის გაუფასურება

ქუმსიშვილი: ჩვენ ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით, ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით

facebook.com/economypr

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ლარი მთავრობის მაკროეკონომიკურ ანალიზთან შედარებით უფრო მეტად არის გაუფასურებული. ბოლოდროინდელ გაუფასურებას ქუმსიშვილი საგარეო ფაქტორებს უკავშირებს. 

"მინდა მოგახსენოთ, რომ გარე ფაქტორები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, აისახა ჩვენი ვალუტის კურსზე, თუმცა ამ წუთში ის მაკროეკონომიკური ანალიზი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, აჩვენებს, რომ ჩვენ ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით, ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით", - ამბობს ქუმსიშვილი. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ლარის გაუფასურებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები კურსში უკვე ასახულია, რადგანაც ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება იმპორტის შემცირებამ უკვე დააბალანსა. ქუმსიშვილის თქმით, იანვარში სავარაუდოდ ლარზე დიდი ზეწოლა არ უნდა იყოს, რადგანაც იმპორტი წინასწარი მონაცემებით 25%-ით შემცირდა.

"სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებაში იმპორტი ამ თვეში შემცირებულია. ეს ინფორმაცია დასაზუსტებელია, მაგრამ წინა წლის ამ თვესთან შედარებით, იმპორტი 25%-ით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, ლარის კურსზე ზეწოლა მკვეთრი არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა. ჩვენ არა ვართ დახურული ეკონომიკა, როდესაც საზღვრები დახურულია, ხელით ხდება შემოტანილი იმპორტის მართვა და დაკეტვა საბაჟოზე, რაც თავის თავში მოიცავს რისკებს, რომ ინფლაციური მომენტები, ანუ ფასების ზოგადი ზრდა მოხდეს", - თქვა ქუმსიშვილმა. 

იანვარში ეროვნულმა ბანკმა საკუთარი რეზერვებიდან $60 მილიონი დახარჯა. 26 იანვარს კი ლარის არსებობის ისტორიაში გაუფასურების ახალი მინიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი 2.50 ლარი ღირს.

კომენტარები