ბლოგი

ურთიერთობა, როგორც ცხოვრების წესი

ზაზა ბიბილაშვილი
0 კომენტარი

„ბავშვმაც კი იცის", რომ „თბილისი იყო ურთიერთობა".

მაგრამ განა მხოლოდ თბილისი. არა, ამხანაგებო! — მთელი საქართველო ურთიერთობა იყო. ყველა უბანი. ყოველი ქუჩა. ყველა ოჯახი...

ნუ, თითქმის ყველა.

რაც მთავარია — Dideba ufalsss! — დღემდე ასეა.

ურთიერთობა ჩვენი ისტორიაა. ურთიერთობა ჩვენი ტრადიციაა.

ურთიერთობა, როგორც გაგება.

ურთიერთობა, როგორც კმაყოფილების ფორმულა.

ურთიერთობა, როგორც კომფორტის სამსხვერპლოზე მიტანილი ამბიციები და წესად ქცეული საშუალოობა.

ურთიერთობა, როგორც მინიმალიზმი, რომელიც მორალური დილემებისგან გვიცავს.

ურთიერთობა, როგორც დამაჯერებლად ნათამაშები გულუბრყვილობა, რომელიც საჭირო დროს გვერდზე გაგვახედებს და აშკარაზე თვალს დაგვახუჭინებს.

ურთიერთობა, როგორც ხათრი — არა კონკრეტული ადამიანების, არამედ აბსტრაქტული მოლოდინების მიმართ — რომელიც საჭირო მომენტში ენაზე კბილს დაგვაჭერინებს (—რა ჩვენი საქმეა?!).

ურთიერთობა, როგორც შეგუება. შეგუება იმასთან, რომ აწმყო არა გვწყალობს (მაგრამ მომავალი ჩვენია).

ურთიერთობა, როგორც სოლიდარობით გამყარებულ-გადიდგულებული კონფორმიზმი.

ურთიერთობა, როგორც პასუხისმგებლობის განაწილების წესი, როცა ყველა პასუხისმგებელია და, ამიტომ, რეალურად პასუხისმგებელი არც არავინაა.

ურთიერთობა, როგორც უამრავი განცდილი მარცხისა და კიდევ უფრო მეტი ვერმოპოვებული გამარჯვებების სტაბილური მიზეზი...

*******

საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ვერ დავიჯერებდი:

1991 თუ 1992 წელი. საქართველო. თბილისი. ვაკე.

16-17 წლის ბიჭი მეზობლის მანქანიდან ბენზინს იპარავს. საწვავის ავზში შლანგი ჩაუყვია და ცდილობს თავის პატარა კანისტრაში გადმოქაჩოს.

მანქანის პატრონი — ასე, 40-იოდე წლის კაცი — შემთხვევით გადმოიხედავს აივნიდან, ქურდს დაინახავს და ჩასძახებს, გაეცალეო.

ქურდი აწეულ ხმას იუკადრისებს, ავზიდან ამოყოფილი შლანგის წოვას შეეშვება და მანქანის პატრონის გინებას მორთავს. მოულოდნელი უტიფრობით გაოგნებული ეს უკანასკნელი ეზოში ჩამორბის და ტყდება დიდი ალიაქოთი...

ხმაურზე მეზობლები გამორბიან, მოჩხუბრებს აშველებენ და ფაქტების შესწავლას იწყებენ. მხარეთა მოთხოვნით, თემი სახელდახელო სასამართლოს მართავს.

განაჩენი მალევე ცხადდება. ქურდს ერთსულოვნად ამართლებენ. მანქანის პატრონი კი, რომელსაც ბენზინს პარავდნენ და თან აგინებდნენ, დამნაშავედ იქნა ცნობილი. ვერდიქტის სამოტივაციო ნაწილი ასეთია:

ქურდი „ბავშვია". მას უჭირს — ან ჭირდება — და იპარავს. ბენზინის გამო კი ბავშვს არ უნდა აგინო და მისი ღირსება არ უნდა შელახო.

სწორედ ესაა ურთიერთობა. თორემ ბოზობა რომ სდომოდა, მილიციაში დარეკვაც ხომ შეეძლო? — ამას ამბობენ კანტი-კუნტად, გამტყუნებულის გასაგონად თუ სანუგეშოდ, როგორც მისთვის განკუთვნილ „მაყურებელთა სიმპატიის" პრიზს და დინჯად იშლებიან.

ქურდი უსამართლოდ შეურაცხყოფილი და ღირსებააღდგენილი გმირის სტატუსით გადის სცენიდან. გზად შუახნის მეზობელი არიგებს: შენ კიდე, ამდენი ხანი რა ვერ ამოიღე ეს ბენზინი, თუ მოპარვა არ იცოდი, მცოდნე კაცისთვის მაინც გეთხოვაო. საკუთარ წარმატებულ ხუმრობაზე იცინის და მამა-შვილურად ეხვევა: პერსპექტიული ბავშვია ეს მუტრუკი. თან, ღვინის ქურდი და ბენზინის ქურდი ხომ ქურდი არაა?

ეს იყო ვაკეში. 1991 თუ 1992 წელს.

*******

ურთიერთობა სიცოცხლისუნარიანი პარაზიტია:

სამი ათასი წელია ეს ზღარბი ჩვენთან ცხოვრობს. სამი ათასი წელია ვუვლით და ვამაყობთ მისით.

ათასში ერთხელ ჩამოივლის ვინმე ღვთისნიერი — შეგვანჯღრევს, შემოგვილაწუნებს, აგვრევს, თავს შეგვაძულებს... მერე კი ჯერ ლეგენდად, შემდეგ — წმინდანად და, ბოლოს — „სახელოვან წინაპრად" იქცევა, რომელსაც ტრადიციულ სუფრებზე ფეხზე ადგომით ადღეგრძელებენ.

ასეთი იყო დავით მეოთხე, აღმაშენებელი, რომელიც არც ჩვენ ქართველობას სცემდა პატივს, არც ჩვენ დედა-ეკლესიას და არც ჩვენ ტრადიციებს.

ასეთი იყო გიორგი მეხუთე, ბრწყინვალე. ალბათ საქართველოს ყველაზე დიდი მონარქი, რომელმაც თავისი ხანგრძლივი მეფობის შემდეგ კიდევ 40-წლიანი მშვიდობა დაგვიტოვა.

ასეთი იყო ილია. ჭავჭავაძე. იგივე წმ. ილია მართალი. ნეტავ განახათ, რეებს წერდა მასზე მაშინდელი „ასავალ-დასავალი"!

ასეთი იყო კახა ბენდუქიძე (ამ საუკუნის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, წმ. კახაბერ მძიმე ან წმ. კახაბერ გურმანი), რომელიც ისე გათავხედდა, რომ ყანწში მომზირალი უ-შნო არტისტებისგან რაციონალური ერის ჩამოყალიბება განიზრახა.

...მადლობა ღმერთს, საქართველომ ტრადიციული ურთიერთობები აღადგინა. აღადგინა ორგანიზებულად და სახელმწიფოებრივად. სამინისტროებისა და უწყებების, თვითმმართველობებისა და ადმინისტრაციების, სსიპ-ებისა თუ სახელმწიფო საწარმოების დონეზე. და ამ ურთიერთობების ნალექიც ადიდებული დურუჯივით მოვარდა ჩვენს ყოველდღიურობაში:

ფიქრები ტურისტულ კვოტებზე, ბუსუსებიანი პრეზერვატირებისა და უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვის აკრძალვა, მეხრეთა მოძრაობის რეგულირება, მთის კანონი, სავიზო „რეფორმა", კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულთა ამნისტიაზე ზრუნვა, მკვლელებისა და ჯაშუშების პოლიპატიმრის სტატუსით გათავისუფლება, კრიმინალური სამყაროსთვის ძეგლის დადგმა იუსტიციის სახლთან, სტალინის ძეგლების გახსნა — სად აღარ, გზებზე ახლადგამოსახული ორმოები, რომელთა გამოც — დიახაც — უფრო ნელა და ყურადღებით მართვა ვისწავლეთ, ნეპოტიზმი, კორუფცია, პრემიები და დანამატები — ეს ყველაფერი ურთიერთობაა.

გაზპრომის შემოყვანაც ურთიერთობაა (თურმე, რუსეთი გვაშანტაჟებს. ხოდა, ამ დალაგებული ურთიერთობის ფონზე, ხომ არ გავუჭედავთ?).

...მართლაც — განა ადამიანებთან ურთიერთობა უფრო მნიშნელოვანი არაა, ვიდრე „პოლიტიკური შეხედულებები"? ამიტომ, მოდით, გრიგორიჩის წასვლამდე, ჩვენს ჯიშსა და ჯილაგს, ჩვენს ნიჭსა და გენს, ჩვენი ურთიერთობების სიწმინდეს გაუმარჯოს!

თქვეშემოგევლეთ!

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები