არჩევნები გარდაბანში

ენმ: გარდაბანში, ქარხნის თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს

ka.wikipedia.org

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, გარდაბანში, კუმისის ქარხნის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თანამშრომლებს პირადობის მოწმობები ჩამოართვა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, გოგიტა მაისურაძემ თანამშრომლებს უთხრა, რომ პირადობის მოწმობებს მხოლოდ საარჩევნო უბანზე დაუბრუნებს.

"კუმისის ქარხნის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გოგიტა მაისურაძემ ფეოდალობა გადაწყვიტა და დაახლოებით 60 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვა. ეს ადამიანები ხმას აძლევენ 57-ე უბანზე. მაისურაძემ მათ უთხრა, რომ დოკუმენტებს ადგილზე, საარჩევნო უბანზე დაურიგებდა. მივმართავ მას, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გარდაბანში, 57-ე უბანზე იქნებიან დამკვირვებლები. როგორც კი შევამჩნევთ, რომ ის ადგილზე არიგებს პირადობის მოწმობებს, მაშინვე გამოვიძახებთ პატრულს და ეს კაცი იქნება სათანადოდ დასჯილი. პირადად მივალ და ბატონ გოგიტას სათითაოდ დავუთვლი პირადობის მოწმობებს. ის არ არის მონათმფლობელი, რომ ასეთი მანიპულაცია მოახდინოს თანამშრომლების ხმებზე", - განაცხადა მაჭავარიანმა.

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ხვალ, 28 იანვარს გაიმართება.

კომენტარები