არჩევნები გარდაბანში

ენმ: ქართულ ოცნებას სამხედროების საარჩევნო მასად გამოყენება სურს

საპარლამენტო უმცირესობის შეფასებით, ქართულ ოცნებას გარდაბნის არჩევნებში დამარცხების ეშინია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ 700-კაციანი სამხედრო უბანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ არსებობდა და ახლა დაემატა.

"ის 700-კაციანი სამხედრო უბანი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს არ არსებობდა, მას არ მიუღია მონაწილეობა გამგებლის არჩევნებში. ახლა, როგორც ჩანს, თავდაცვის მინისტრის პირადი გადაწყვეტილებით დაემატა. სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე. სასამართლომ 10 დღის წინ დაავალა ოლქს, რომ მხოლოდ მას შემდეგ დაერეგისტრირებინა და გაეტარებინა ეს უბანი, როცა გვარობრივად იქნებოდა გავლილი სამხედრო უბნებზე რეგისტრირებული ჯარისკაცები. ანუ, ოლქს უნდა გაერკვია, ყველა ამ ჯარისკაცს როდის ჰქონდა რეგისტრაცია გავლილი. ოლქმა ეს არ გააკეთა. ჩვენ გავასაჩივრეთ ოლქის ეს ქმედება. დღეს ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ ალბათ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს საქმე მურუსიძისნაირ მონა მოსამართლეს დაეწეროს. აქვე მინდა გავაწბილო ქართული ოცნება და ვუთხრა, რომ ჯარისკაცები არიან პატრიოტები და ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ. სამწუხაროა, რომ მათი საარჩევნო მასად გამოყენება სურთ, როგორც ეს საგარეჯოში მოხდა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ხვალ, 28 იანვარს გაიმართება.

კომენტარები