Human Rights Watch-ის ანგარიში

HRW: პრობლემად რჩება სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება

უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ახალ ანგარიშში წერს, რომ 2015 წელს "კვლავ პრობლემად რჩებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტების არასათანადო გამოძიება". ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "საქართველოს არ გააჩნია სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამოძიების ქმედითი, დამოუკიდებელი მექანიზმი, რაც ხშირად იწვევს დამნაშავეთა დაუსჯელობას".

Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის ნოემბრამდე პერიოდში, სულ მცირე, 41 საჩივარი მიიღო წამებისა და სასტიკი მოპყრობის თაობაზე. მათგან 23 საჩივარი პოლიციის მიერ, ხოლო 18 - ციხის პერსონალის მიერ ძალადობის ფაქტებს შეეხებოდა.

"საია-ს თანახმად, ხელისუფლება ვერ ახერხებს აღნიშნული საჩივრების ეფექტიანად გამოძიებას. ნოემბერში, ადვოკატმა გიორგი მინდაძემ განაცხადა, რომ პოლიციის შენობაში ხუთმა პოლიციელმა, მათ შორის პოლიციის განყოფილების უფროსმა, სცემა მას შემდეგ, რაც თავის კლიენტს დუმილის უფლების გამოყენება ურჩია. ხელისუფლებამ პოლიციის განყოფილების უფროსი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა. ივნისში კი, პროკურატურამ თბილისში წინასწარ პატიმრობაში მყოფ გიორგი ოქროპირიძეს ცილისწამების ბრალი წაუყენა სახალხო დამცველისთვის თითქოსდა ცრუ ჩვენების მიცემის გამო, სადაც იგი აცხადებდა მის წინააღმდეგ პატიმრობაში სასტიკი მოპყრობის შესახებ. სახალხო დამცველის თქმით, ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის მისი ინსიტუტისადმი ნდობას და ლახავს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც კრძალავს სამსახურებრივ შურისძიებას ადამიანების მიმართ, რომლებიც ეროვნული პრევენციის მექანიზმს ინფორმაციას წამების პრევენციის მიზნით აწვდიან", - წერია Human Rights Watch-ის 2016 წლის ანგარიშის საქართველოს ნაწილში, რომელიც მიმოიხილავს 2015 წელს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.

კომენტარები