2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

ბოკერია: ჰააგის სასამართლომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღო

0 კომენტარი
გიგა ბოკერია ფოტო: ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

"ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ გამოძიების პერიოდი მოიცავს 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდს. ანუ არა მარტო აქტიური სამხედრო მოქმედებების დროს ჩადენილ დანაშაულზეა ლაპარაკი, არამედ იმ პერიოდშიც, როდესაც ისინი[რუსეთი] ამზადებდნენ სამხედრო აგრესიას - გახსოვთ, ალბათ, თავდასხმები, დაბომბვები სოფლების, ჩვენი სამშვიდობოების მკვლელობა და უკვე პოსტაქტიური სამხედრო მოქმედებები 10 ოქტომბრამდე - ყველა მოტაცება, მკვლელობა და სხვა დანაშაულებები, რაც ჩაიდინეს საერთაშორისო სამართლის წინაშე. ამიტომ ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება", - თქვა ბოკერიამ.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ პროკურორს გამოძიების დაწყებაზე თანხმობა მისცა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

მოსამართლეთა პალატამ, პროკურორის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, მიიჩნია, რომ გამოძიების გასაგრძელებლად გონივრული საფუძველი არსებობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები