Freedom House საქართველოზე

პადინგტონი: რუსეთი პროპაგანდისათვის ეკლესიას და NGO-ებს იყენებს

არჩ პადინგტონი
koerber-stiftung.de

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Freedom House-ის შეფასებით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში რჩება. ორგანიზაციის კვლევების ვიცე-პრეზიდენტი არჩ პადინგტონი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ საქართველო, როგორც ამჟამინდელი, ასევე წინა მთავრობის პირობებში მეტწილად დადებითად ვითარდებოდა. მისი თქმით, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ ორგანიზაციის ყურადღება პოლიტიკური ოპონენტების გასამართლების და რუსთავი 2-ს საქმემ მიიქცია.

"რუსთავი 2-ის საქმე ძალიან შემაშფოთებელია. რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში პრესის თავისუფლება სადაო დემოკრატიული ინსტიტუტია. როცა ხელისუფლებაში ახალი ლიდერები მოდიან, პირველი რის გაკეთებასაც ცდილობენ ინფორმაციის წყაროებზე კონტროლის მოპოვებაა, ამ ქვეყნების უმეტესობაში ეს ტელევიზიაა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით იმ ფაქტით, რომ იყო შესაძლებლობა ტელევიზია სასამართლოს გადაწყვეტილებით მთავრობისადმი კრიტიკული მფლობელებიდან მთავრობასთან დაახლოებული პირისთვის გადაეცათ. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით ამ საქმეს", - ამბობს პადინგტონი.

საქართველოში პროპაგანდის გავრცელებას რუსეთი, პადინგტონის თქმით, ახალბედა ორგანიზაციების და ეკლესიის მეშვეობით ცდილობს.

"საქართველოში რუსეთის პროპაგანდის მხრივ ორი რამ გვაღელვებს. ერთი, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლებაა, რომლებიც ახლო წარსულში რუსეთის ინტერესების წინ წასაწევად დაარსდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ისინი გავლენიანები არიან, არ მინდა, გადავაჭარბო და ვთქვა, რომ მათ ქართველების შეხედულებებზე გავლენა აქვთ. ცხადია, ეს რუსეთის სტრატეგიაა საქართველოში, დამოუკიდებელი პოლიტიკა შეასუსტოს და ქართველების მსოფლმხედველობა შეცვალოს, რომ მათ ევროკავშირში გაწევრიანებას ევრაზიული კავშირი არჩიონ. ეს არის მიზანი და ეს ორგანიზაციები ამ მიზანს ემსახურებიან. თავისი გავლენის გასაზრდელად რუსეთმა გაამყარა კავშირები რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის", - ამბობს ორგანიზაციის კვლევების ვიცე-პრეზიდენტი.

კომენტარები