არჩევნები გარდაბანში

ენმ: უბნებთან ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდები ჰყავთ მობილიზებული

ტაბულა

გარდაბანში, მე-6 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო საქმეთა ურთერთობების მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, საარჩევნო უბნებთან ქართულ ოცნებას რამდენიმე ათეული მანქანა ჰყავს მობილიზებული - ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდებით. ტაბულამ გადაიღო რამდენიმე მანქანა და ახალგაზრდები, რომლებსაც სამედიცინო პირბადეები უკეთიათ. 

"ქართული ოცნების სისულელეს საზღვარი არ აქვს, ამიტომ ძნელია რომელიმე ცალკეულ სისულელეზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. სერიოზულად რომ ვისაუბროთ, უბნის შიგნით სრული სიმშვიდეა და იმედია, რომ ასე დარჩება. მაგრამ უბნის გარეთ, აქ იყო მოძრაობა ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ათეული მანქანა, მათ შორის - ახალგაზრდების, რომლებსაც საარჩევნო პროცესთან არაფერი საერთო არ აქვთ, ყველა ნიშნით არიან ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდები. ეს გამოიყურება როგორც პოტენციური პრობლემა, ამიტომ, აქვე მინდა, რომ მოვუწოდო მთავრობას, ივანიშვილის რეჟიმს, კანდიდატს, მის შტაბს, რომ ჯობია, მათთვის პირველ რიგში - თავი შეიკავონ ამ ტიპის ჯგუფების მოძრაობისგან და თუ რამე გეგმები აქვთ, ამ გეგმებზე უარი თქვან. ასე ჯობია ყველასთვის - მათთვის პერსონალურად, ქვეყნისთვის და ამ პროცესის ნორმალურობისთვის", - განაცხადა ბოკერიამ.


ფოტო: ტაბულა
დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გარდაბანში ხმის მიცემის პროცესი "მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს".

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან - გოჩა ჯამარაული.

კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე - results.cec.gov.ge.

კომენტარები