2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი

წულუკიანი: ჰააგის პროკურორთან აქტიურად ვითანამშრომლებთ

ტაბულა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, "ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და შეესაბამება საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებს". როგორც წულუკიანმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ჰააგის სასამართლოს განცხადებაში არაერთხელ არის ნათქვამი, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ის საქართველოს ნაწილია.

"ასევე ნათქვამია, რომ ჰააგის სასამართლო მხედველობაში იღებს მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ერთის მხრივ რუსეთში, მეორეს მხრივ კი საქართველოში ჩატარდა და ის არ და ვერ მიიღებს მხედველობაში საგამოძიებო მოქმედებებს, რომლებიც შეიძლება ჩატარებულიყო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ, რადგან სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არის.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე მოცემულია ყველაფერი ის, რაც ჩვენ, როგორც მხარემ, ქალბატონი ფატუ ბენსუდას თბილისში ვიზიტის დროს მასთან დავაყენეთ, როგორც საკითხები. კერძოდ, როგორც მოველოდით, გადაწყვეტილებაში განსაკუთრებილი ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას და ჰააგის მოსამართლე ამბობს, რომ იმ ფაქტების მიხედვით, რაც ხელთაა ამ ეტაპზე, ომის დროს არსებობდა შემუშავებული მოდელი, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველთა ეთნიკური წმენდისა, რაც გულისხმობდა მათ განზრახ მკვლელობებს, ქართველების სახლების იდენტიფიცირებას ხშირად ადგილობრივი მიმთითებლების დახმარებით, რათა ეს სახლები ყოფილიყო განადგურებული მას მერე, რაც იქედან მითვისებული იქნებოდა ნივთები და საქონელი.

როგორც ჰააგის მოსამართლე ამბობს, იმ ფაქტების მიხედვით, რაც მას დღეს აქვს, 8 ათასზე მეტი ქართველის სახლი არის დანგრეული, 100-ზე მეტი ქართველი არის განზრახ მოკლული და 20 ათასამდე დევნილი გახდა.

ეს იქნება სამართლებრივი პროცესი, რომლის განმავლობაშიც "სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი იყო კაცობრიობის წინაშე დანაშაული", - განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ "მტკიცებულებები გვაქვს იმაზე მეტი, რამდენიც საჭიროა".

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიებას დაიწყებს. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ პროკურორს გამოძიების დაწყებაზე თანხმობა მისცა.

კომენტარები