არჩევნები გარდაბანში

კობახიძე: მამა კახაბერის ჩართულობაზე ფაქტები არ გვაქვს. ეს დარღვევაც არაა

Ipress.ge

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, არის თუ არა ჩართული სასულიერო პირი კახაბერ უერთაშვილი საარჩევნო პროცესში. თუმცა, მისი თქმით, ეს კანონდარღვევა არ არის.

"მამა კახაბერზე გავრცელდა გარკვეული ინფორმაცია, თუმცა, ამის ფაქტები არ გვაქვს, ეს კანონის დარღვევა არ არის, თუმცა, ამასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტობრივი მონაცემები არ გვაქვს", - ამბობს კობახიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, გარდაბნის საარჩევნო პროცესში სასულიერო პირები არიან ჩართულები. ენმ-ის ცნობით, "მამა კახაბერი [უერთაშვილი], რომელიც ნორიოში მსახურობს, საკუთარი მიკროავტობუსით მუშაობს არჩევნებზე. ის ქართული ოცნების მხარდამჭერების გადაადგილებას უზრუნველყოფს". ოპოზიციური პარტია ფოტოსაც ავრცელებს.

გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევანი მიმდინარეობს. საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო ქართული ოცნებიდან - გოჩა ჯამარაული.

კენჭისყრის პროცესი საღამოს 20:00 სთ-ზე დასრულდება, რის შემდეგაც, საარჩევნო ადმინისტრაცია ხმის დათვლის პროცედურებს დაიწყებს. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე გამოაქვეყნებს კომისიის სპეციალურ ვებგვერდზე - results.cec.gov.ge.

კომენტარები