არჩევნები გარდაბანში

ცესკო: მოვუწოდებთ მხარეებს, თავი აარიდონ სიტუაციის შემდგომ გამწვავებას

ცესკო

გარდაბანში მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები დასრულდა. 20:00 სთ-ზე საუბნო საარჩევნო კომისიები დაიხურა და ხმის დათვლის პროცედურები დაიწყო. ცესკოს შეფასებით, "კენჭისყრის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა".

ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას 20:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო - არჩევნებში მონაწილეობა 23, 805-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც გარდაბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33, 13%-ია.

„დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხასიათის ხარვეზები, რომელთა უმეტესობაც დროულად აღმოიფხვრა, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე დაიწერა 22 საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო ერთი საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში.

მიუხედავად, იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა დაპირისპირება მოქალაქეებს შორის.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს თავი აარიდონ სიტუაციის შემდგომ გამწვავებას და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით ხელი შეუწყონ მშვიდ გარემოში საარჩევნო პროცესის დასრულებას," - განუცხადა ჟურნალისტებს ანა მიქელაძემ.

დღევანდელი რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობისას, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მოხდა დაპირისპირება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მეოთხე საარჩევნო უბანზე მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. ქართული ოცნების მტკიცებით კი, ერთმანეთს ენმ-ის კოორდინატორები დაუპირისპირდნენ. ასევე, როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, რამდენიმე პირი, რომლებმაც საკუთარი ვინაობა არ გაამხილეს, ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამასთან, ერთ-ერთი მათგანი ცესკო-ს მიერ იყო აკრედიტებული, თუმცა, ჟურნალისტებს არ უთხრა, ვის წარმოადგენდა და მანქანით დატოვა ტერიტორია. ყველა, ვინც ენმ-ის ლიდერებს სიტყვიერად დაუპირისპირდა, სამედიცინო პირბადით იყო.  

მე-6 საარჩევნო უბანზე კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო საქმეთა ურთერთობების მდივნის გიგა ბოკერიას თქმით, ქართულ ოცნებას რამდენიმე ათეული მანქანა ჰყავს მობილიზებული - ფიზიკურად მომზადებული ახალგაზრდებით. ამ ფაქტზე ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ადამიანების თავშეყრა აკრძალული არ არის, "მთავარია, არ იყოს ზემოქმედება საარჩევნო უბანზე".

გარდა ამისა, მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზვიად მინდიაშვილი, მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაშვილი და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი მივიდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მტკიცებით, გამგებლები საარჩევნო უბანთან აგიტაციას ეწეოდნენ. ქურთის გამგებლის მოადგილის და ერედვის გამგებლის განმარტებით კი, ისინი დასახლებაში დევნილ მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდნენ. მათი მტკიცებით, დასახლებაში ხშირად მიდიან და მოსახლეობის პრობლემებს ისმენენ.

დღის ბოლოს კი, მე-2 საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი მხარდამჭერი. ენმ-ის განცხადებით, "მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ და პოლიციას არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია". ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პირი, რომელიც გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანზე ენმ-ის მხარდამჭერს თავს დაესხა, პოლიციელებთან ერთად მოქმედებდა.

კომენტარები