არჩევნები გარდაბანში

პრემიერი წინასაარჩევნოდ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებული სასჯელის და შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვა სთხოვა. მან აღნიშნა, რომ ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაშ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული. 

"მინდა, ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, იქნებ გადავხედოთ რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, რამდენადაც ვიცი, ეს არის ფულადი ჯარიმები და სხვა სახის მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული და იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე", – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, გუშინდელი რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობისას, მე-2, მე-4 და მე-6 საარჩევნო უბნებზე დაპირისპირება მოხდა, მათ შორის ფიზიკური. დაშავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთი მხარდამჭერი. ენმ-ის განცხადებით, "მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ და პოლიციას არ ჰქონდა შესაბამისი რეაქცია". ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციითვე, ერთ-ერთი პირი, რომელიც გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანზე ენმ-ის მხარდამჭერს თავს დაესხა, პოლიციელებთან ერთად მოქმედებდა. ქართული ოცნების მტკიცებით კი, პროვოკაცია თავისუფალი ზონის წევრებმა მოაწყვეს. 

კომენტარები