თურქეთში დაღუპული საქართველოს მოქალაქეები

საგარეო უწყება: თურქეთში გარდაცვლილთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა

kvira.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში, შირნაკის პროვინციაში გარდაცვლილი სამი ადამიანიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა. როგორც ტაბულას უწყებაში განუცხადეს, გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის მოქალაქეობა ამ დრომდე დგინდება, მესამე პიროვნებას კი საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი ჰქონდა.

სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ორი გარდაცვლილი ქალია, ხოლო ერთი დაახლოებით 18 წლის მამაკაცი. ამ დროისთვის უცნობია რა მიზნით იმყოფებოდნენ ისინი თურქეთში.

„გენერალური საკონსულო სტამბოლში მუდმივ ხაზზეა თურქ სამართალდამცავეთან და საქმის მიმდინარეობას ადევნებს თვალს. მესამე ადამიანის მოქალაქეობის დადგენის შემდეგ გვეცოდინება უკვე დამატებითი ინფორმაცია“ - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინფორმაცია თურქეთში სამი ადამიანის გარდაცვალების შესახებ გუშინ, ღამით გავრცელდა. აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს, haqqin.az-ის ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში საქართველოს სამი მოქალაქის ცხედარი იპოვა, რომლებსაც ყელი ჰქონდათ გამოჭრილი. სააგენტო წერს, რომ სამივე მათგანი ქალია, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას არ ემთხვევა.

თურქული მედიის ინფორმაციით კი, პოლიციამ ბინაში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ცხედრები იპოვა, სიკვდილის ერთ-ერთ მიზეზად კი მხუთავი აირით გაგუდვა სახელდება.

კომენტარები