ხაინდრავას რადიო თბილისის მიკროავტობუსებში

MDF: ხაინდრავას რადიოს მარეგულირებელმაც პრივილეგია მიანიჭა

მედიის განვითარების ფონდის ცნობით, გოგა ხაინდრავას რადიო "თანამგზავრი" პრივილეგირებულ მდგომარეობაში არა მხოლოდ ტრანსპორტში, არამედ მარეგულირებელ კომისიაშიც აღმოჩნდა. MDF საოქმო ჩანაწერებზე დაყრდნობით წერს, რომ 10 დეკემბრის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის წევრმა ელისო ასანიძემ რადიო "თანამგზავრის" დისკვალიფიკაციის საკითხის დასმა მოითხოვა. ამის მიზეზი ლიცენზიის მაძიებელი კომპანიის - შპს მომხმარებელთა საყურადღებოდ - ერთ-ერთი მფლობელის გიორგი გაჩეჩილაძის რადიო უცნობის დირექტორობა იყო.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს". ამის მიუხედავად, კომისიამ სამი ხმით ერთის წინააღმდეგ, კომპანიის დისკვალიფიკაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. MDF წერს, რომ გადაწყვეტილება სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში და ერთთვიანი გასაჩივრების ვადა ჰქონდა. თუმცა, გადაწყვეტილება ვებგვერდზე მიღებიდან 33-ე დღეს გამოქვეყნდა. კომისიას კი, კანონით გადაწყვეტილების გამოქვეყნების ვალდებულება მისი მიღებიდან 3 დღეში აქვს.

"მართალია, კომისიის უმრავლესობამ შპს-ს "მომხმარებელთა საყურადღებოდ" დისკვალიფიკაციის სამართლებრივი საფუძველი ვერ დაინახა, მაგრამ საეჭვოა ის გარემოება, რომ სხდომის გამართვიდან 5 დღეში, 15 დეკემბერს გიორგი გაჩეჩილაძემ თავისი 30-პროცენტიანი წილი გოგა ხაინდრავას უსასყიდლოდ დაუთმო. მფლობელის ცვლილება საჯარო რეესტრში 2015 წლის 16 დეკემბერს აისახა. სხდომაზევე კიდევ ერთი დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც შპს "რადიო უცნობის" მიერ კომისიაში წარმოდგენილ შესაბამისობის დეკლარაციას შეეხებოდა. კერძოდ, წარდგენილ დეკლარაციაში სს "ლევან გაჩეჩილაძის" ბენეფიციარი მესაკუთრეები გაშიფრული არ იყო. ამ დარღვევის გამო კომისიამ ლიცენზიის მაძიებელს დამატებითი დოკუმენტაციის წარსადგენად 5 სამუშაო დღე მისცა", - წერს მედიის განვითარების ფონდი.

ხაინდრავამ და გაჩეჩილაძემ საერთო კომპანია - შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ" 2014 წლის 20 თებერვალს დააარსეს. რამდენიმე თვეში კი იმ პირებთან, რომლებიც თბილისში მიკროავტობუსებით გადაადგილდებას უზრუნველყოფენ, ხელშეკრულებები გააფორმეს. ხაინდრავა მძღოლებს მიკროავტობუსებში რადიოს ჩართვის სანაცვლოდ, მძღოლისა და მგზავრების ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაზღვევას ჰპირდებოდა. რადიო, რომელიც მიკროავტობუსებში უნდა ჩართულიყო, რადიო უცნობის ბაზაზე იქმნებოდა. ახალი რადიოს შექმნამდე კი, რადიო უცნობს უნდა ემაუწყებლა.

MDF-ის ცნობით, ხაინდრავას მიერ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის მაისი-სექტემბრის განმავლობაში, როცა "რადიო უცნობი" მიკროავტობუსებში იყო ჩართული, რადიომ შემოსავლის სახით 117 ათას 700 ლარი მიიღო.

წინა წლისგან განსხვავებით, 2015 წელის 1 დეკემბერს ხაინდრავას კომპანიამ ხელშეკრულება შპს "თბილისის მიკროავტობუსის" მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიებთან გააფორმა. რადიოს მიკროავტობუსებში ჩართვის სანაცვლოდ შპს-ს "მომხმარებელთა საყურადღებოდ" ყოველთვიურად "თბილისის მიკროავტობუსისთვის" 5 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა, უცნობია, რა სარგებელს მიიღებენ ამით მიკროავტობუსის მძღოლები და მგზავრები.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ თბილისში კერძო რადიო მაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსი 2015 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა. ლიცენზიის მაძიებლები იყვნენ შპს „ტვ სტილი" (100 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი რადიო კომერსანტის დირექტორი გოგა სამუშია), შპს „მომხმარებლების საყურადღებოდ" ("თანამგზავრი") და შპს „ახალი რადიო (50 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი "რადიო არ დაიდარდოს" წამყვანი ბეგლარ (ბეგი) ლოგუა, 50 პროცენტი - თათია გოგიბერიძე).

მარეგულირებელმა კომისიამ ლიცენზია რადიო "თანამგზავრს 2016 წლის 15 იანვარს გადასცა. შპს თბილისის მიკროავტობუსის მმართველობაში მყოფ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კი, ყვითელ მიკროავტობუსებში "ექსკლუზიურად მხოლოდ დამკვეთის", ანუ რადიო თანამგზავრის პროგრამა იქნება ჩართული. 

კომენტარები