აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016

აიოვის შტატში რესპუბლიკელებს კრუზი ლიდერობს, დემოკრატებს - კლინტონი

აშშ-ში აიოვის შტატში შიდაპარტიული არჩევნები ე.წ. კოკუსი გაიმართა. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, დათვლილია ხმების 99%.

არჩევნების შედეგად, რესპუბლიკელთა შორის, ტეხასის შტატის სენატორმა ტედ კრუზმა გაიმარჯვა ხმების 27,7 %-ით. მეორე ადგილზე გავიდა ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი ხმების 24,3 %-ით. მესამე ადგილი კი, ფლორიდის შტატის სენატორმა მარკო რუბიომ დაიკავა 23,1 %-ით.

რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას, აქ ჯერჯერობით კვლავ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ლიდერობს ხმების 49,9 %-ით, ხოლო ვერმონტის შტატის სენატორ ბერნი სანდერსს ხმების 49,6 % აქვს დაგროვებული.

აიოვას შტატში ჩატარებული შიდა პარტიული არჩევნების შედეგები ორივე პარტიის კანდიდატებისთვის მნიშვნელოვანია - დონალდ ტრამპის მეორე ადგილმა დაადასტურა, რომ მისი პოპულარობა მყიფეა და მას პარტიის ტრადიციულ მხარდამჭერები მხარს არ უჭერენ.  სენატორი მარკო რუბიო მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება მილიარდერს, მას შეუძლია აიოვაში მიღებული შედეგები მნიშვნელოვნად შემდეგ შტატში, ნიუ ჰემფშირში გააუმჯობესოს. ტედ კრუზს გამარჯვება ყველაზე კონსერვატიულად განწყობილმა ამომრჩევლებმა მოუტანეს, რომლებიც აიოვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. დემოკრატიული პარტიის შიდა პარტიული არჩევნების შედეგების გამოცხადებას რამდენიმე მედიამ თავიდან თავი აარიდა, რადგან კლინტონსა და სანდერსს შორის სხვაობა ძალიან მცირეა - მხოლოდ 0.3%. აღსანიშნავია, რომ კამპანიის დაწყებისას კლინტონს 64% უჭერდა მხარს, სანდერსს კი მხოლოდ - 4%. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ვერმონტის შტატის სენატორს წილისგდებით მოუგო, მონეტის აგდებით კლინტონმა 6 ადგილას გაიმარჯვა.აღსანიშნავია, რომ 1980 წლიდან ორივე პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებიდან მხოლოდ 7-მა გაიმარჯვა აიოვას შიდა პარტიულ არჩევნებში. მაგ. ბილ ქლინთონს არც აიოვაში  და არც ნიუ ჰემფშირში არ გაუმარჯვია. 

შეგახსენებთ, რომ მომდევნო თვეებში მსგავსი ტიპის არჩევნები დანარჩენ შტატებშიც გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევნები კი მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება.

კომენტარები