"დაიცავი თავისუფლებას" პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია

პლატფორმას „დაიცავი თავისუფლება" გაზპრომთან მოლაპარაკებების შესახებ პრემიერმინისტრთან შეხვედრის მოთხოვნაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

პლატფორმამ, რომელიც 15 არასამთავრობო ორგანიზაციასა და ორ მედიაკომპანიას აერთიანებს, პრემიერ კვირიკაშვილს შეხვედრის თხოვნით ოფიციალურად 18 იანვარს მიმართა.

მიუხედავად ტაბულას მხრიდან პასუხის მიღების მრავალგზის მცდელობისა, მთავრობის ადმინისტრაცია ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს კითხვას, გეგმავს თუ არა პრემიერი, გაითვალისწინოს მოთხოვნა და შეხვდეს პლატფორმის „დაიცავი თავისუფლება" წარმომადგენლებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ დრომდე მხოლოდ იმის გარკვევა მოხერხდა, რომ წერილი გადამისამართებულია პრემიერის მრჩეველთან ეკონომიკურ საკითხებში გიორგი გახარიასთან.

„დაიცავი თავისუფლება" მიმართვაში შეშფოთებას გამოთქვამს რუსულ სახელმწიფო კომპანია გაზპრომთან საქართველოს ხელისუფლების ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე მოლაპარაკებების გამო. მიმართვაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული საკითხები, რომელზე სასაუბროდაც პლატფორმის წევრები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ.

კომენტარები