ენერგეტიკა

ვალიშვილი: Frontera-ს დოკუმენტაცია ტრილიონობით მეტრ კუბის საბადოებს არ ასახავს

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი
ტაბულა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის თქმით, ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-ს მთავრობისთვის არ წარუდგენია მასალები საქართველოში ტრილიონობით მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოების არსებობის შესახებ. ვალიშვილი ამბობს, რომ რთულად წარმოსადგენია, საქართველო უახლოეს პერიოდში გაზის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს. Frontera-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ნიკანდროსმა საქართველოში 5.3 ტრილიონი მეტრ კუბის მოცულობის გაზის საბადოს არსებობის შესახებ Atlantic Council-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
"განცხადებები მარაგების არსებობაზე მესამე წელია ვრცელდება. რამდენად რეალურია ეს მარაგები, ეს ცალკე შესწავლის საგანს მიეკუთვნება. მე ვიტყვი, რომ Atlantic Council არის საკმაოდ სერიოზული სტრატეგიული ორგანიზაცია, რომელიც ენერგეტიკულ საკითხებზე მუშაობს. ბატონი ნიკანდროსი არის Atlantic Council-ის ბორდის წევრი და, შესაბამისად, ძალიან კარგი პლატფორმა აქვს ასეთი ტიპის განცხადებებისთვის. თუმცა, მე მინდა ვთქვა, რომ მოლოდინი იმისა, რომ საქართველო უახლოეს ხანში გახდება ექსპორტიორი, ჩვენ არ გვაქვს, ეს მასალები ჩვენთან წარმოდგენილი არ არის. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაო პროგრამა, რასაც Frontera, როგორც ლიცენზიანტი, ყოველწლიურად წარმოადგენს, ნამდვილად არ ასახავს იმ გეგმებს - სამი, ხუთი და კიდევ უფრო მეტი ტრილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვებას", - ამბობს მარიამ ვალიშვილი. 
 
Frontera-ს მონაცემები შესაძლოა რეალობას არ შეესაბამებოდეს, რადგანაც ენერგოკომპანიები ხშირად კაპიტალის მოსაზიდად მათ ხელთ არსებულ მარაგებს მეტობით აშუქებენ. Frontera-ს აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზეა გატანილი. კახეთის მარაგების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით გაიზარდა.
 
Frontera-ს ინფორმაციით, მათ საკუთარი გათვლები გაზის სავარაუდო მარაგებთან დაკავშირებით დამოუკიდებელ ენერგოაუდიტორულ კომპანია Sewell & Associates-ს გადაუგზავნეს გადამოწმებისთვის. თუმცა ენერგოაუდტის დასკვნა ჯერჯერობით უცნობია. თუკი Frontera-ს გათვლები მართალია, მაშინ საქართველოს ადგილობრივი 2.5-მილიარდიანი მოთხოვნის დაკმაყოფილება ათწლეულების მანძილზე შეეძლება და, ამავდროულად, ბუნებრივ აირს ექსპორტზეც გაიტანს.
 
Frontera საგარეჯოს რაიონში ბუნებრივ აირს უკვე მოიპოვებს. 2014 წლის ზაფხულიდან მწარე ხევის საბადოზე მოპოვებული ქართული ბუნებრივი აირი მოსახლეობას მიეწოდება, თუმცა მისი მოცულობა მცირეა. 

კომენტარები