ზიკა ვირუსი

ტეხასში ზიკა ვირუსის სქესობრივი გზით გადასვლის შემთხვევა დაფიქსირდა

0 კომენტარი
ფოტო: AP

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დღევნდელი განცხადებით, ტეხასში ზიკა ვირუსის სქესობრივი გზით გადასვლის შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დაავადებულ პიროვნებას არ უმოგზაურია არცერთ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც დაავადების კერად მიიჩნევა, მაგრამ მისი პარტნიორი იმყოფებოდა ვენესუელაში.

მსოფლიოში გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო, ზიკა ვირუსი მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცა.

ზიკა ვირუსი (ZIKV) პირველად აღმოაჩინეს 1947 წელს, უგანდაში. იგი მიეკუთვნება Flaviviridae–ს ოჯახს, Flavivirus–ის გვარს. ვირუსის გადაცემა ხდება კოღოების (Aedes) სხვადასხვა სახეობის მეშვეობით.

2007 წლამდე ადამიანის ზიკა ვირუსით დაავადების შემთხვევები იშვიათი იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვირუსის ადამიანებში გამოვლენის შემთხვევები საგრძნობლად გახშირდა, მაგრამ სიმპტომები საკმაოდ მსუბუქი იყო - ცხელება, გამონაყარი, სახსრების ტკივილი და კონიუქტივიტი. 2015 წელს კი ბრაზილიის ოფიციალურმა უწყებებმა განცხადეს, რომ დაფიქსირდა მიკროცეფალიით დაბადებულ ჩვილთა უჩვეულოდ დიდი რაოდენობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ზიკა ვირუსი არის ჩვილებში მიკროცეფალიის გამომწვევი მიზეზი.

სტატისტიკის მიხედვით, 270 მიკროცეფალიის შემთხვევიდან მხოლოდ 6-ს დაუდგინდა კავშირი ზიკა ვირუსთან, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ზიკა ვირუსი ორგანიზმში დიდხანს არ რჩება და მისი აღმოჩენა რთულია.

ზოგიერთი ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს კავშირს ზიკა ვირუსსა და მიკროცეფალიით დაბადებულ ჩვილებს შორის. მათი აზრით, მიკროცეფალიის შემთხვევების ზრდა, შესაძლოა, მეტყველებდეს იმაზე, რომ ამჟამად მეტი შემთხვევის დაფიქსირებაა შესაძლებელი, ვიდრე ადრე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, იმის დასადგენად, სინამდვილეში არსებობს თუ არა კავშირი ზიკა ვირუსსა და მიკროცეფლიით დაბადებულ ჩვილებს შორის, ექვსიდან ცხრა თვემდეა საჭირო, მანამდე კი კოღოებისგან თავის დაცვაა აუცილებელი.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეკომენდაციები მოგზაურთათვის ვრცელდება შემდეგ ქვეყნებზე: ბრაზილია, კოლუმბია, ფრანგული გვინეა, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარტინიკა, მექსიკა, პანამა, პარაგვაი, სურინამი, ვენესუელა, პუერტო რიკო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები