თავდასხმა ტაბულას ჟურნალისტებზე

ტაბულას ჟურნალისტებზე თავდამსხმელებს სასამართლომ გირაო შეუფარდა

ტაბულა

ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პიროვნებას თბილისის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ბრალდების მხარე სამივე პიროვნებისთვის ხუთი ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და თორნიკე თუთბერიძეს 2500 ლარი, დემეტრე ლაფანაშვილს 3000, ხოლო შალვა გაგნიძეს 2000 ლარის გადახდა დააკისრა.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა დანაშაული არ აღიარეს. ადვოკატის განცხადებით, კი მათ მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმა წინასწარ განზრახული არ ყოფილა. 

შეგახსენებთ, რომ ტაბულას სამ მოქმედ და ერთ ყოფილ ტანამშრომელს თავს 12 იანვარს რესტორან ჭაშნაგირში დაესხნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენს, რის მოტივადაც მათი პროფესიული საქმიანობა დაასახელეს.

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156 მუხლით მიმდინარეობს, რაც სიტყვის, აზრის ან მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჯგუფურად ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნას გულისხმობს. ბრალდება ჯარიმას ან სამი წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეზე არსებითი განხილვა 10 მარტს ჩაინიშნა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე მართლმადიდებელი მღვდელი დავით ქვლივიძე და წარსულში, რელიგიური ნიშნით ჩადენილი დანაშაულისთვის დაკავებული, ხოლო შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირებიც იმყოფებოდნენ.

კომენტარები