რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა

საპატრიარქო: რელიგიურ გრძნობებზე კანონპროექტთან კავშირი არ გვაქვს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯაზე კანონპროექტი მათი ინიციატივა არ არის. საპატრიარქო კანონპროექტის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

"სოციალურ ქსელებშიც და ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია ამ კანონპროექტთან საპატრიარქოს კავშირის შესახებ, მიაჩნიათ რა, რომ მისი მიზანი თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის "ჯანსაღი კრიტიკის აცილებაა", რაც რეალობას არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობელის მიმართ ცილისწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა.

რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან მიმართებაში მომავალ სამშაბათს საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა იგეგმება", - აცხადებს საპატრიარქო.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2 თებერვალს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა" დასჯადი ხდება. კომიტეტზე განხილვისას, კანონპროექტში შესწორებები შევიდა და შემდეგი ფორმულირება მიიღო - "პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს".

კანონპროექტის ავტორია დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე.

სოსო ჯაჭვლიანის ინიცირებულ კანონპროექტს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი.

კომენტარები