პროცესები მაესტროში

მაესტროს ჟურნალისტები: იმედია, არხი სარედაქციო დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს

მაესტროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ არხი სარედაქციო დამოუკიდებლობას მომავალშიც შეინარჩუნებს.

"მაესტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა მაესტროს თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც კომპანიის არსებობის არცერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მათ შორის, არც ბაია გადაბაძის მმართველობისას. მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არცერთი მცდელობა.

ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და მაესტრო არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო", - ნათქვამია ჟურნალისტების განცხადებაში.

ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ მოტივებზე არასამთავრობოები საუბრობენ. მათ უმძაფრდებათ ეჭვი წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიაზე კონტროლის დამყარების მცდელობაზე. დღესვე ცნობილი გახდა, რომ არხის დირექტორის პოსტს გია გაჩეჩილაძე თავის ძმას, ლევან გაჩეჩილაძეს სთავაზობს. ბაია გადაბაძე კი თანამდებობას ტოვებს. გია გაჩეჩილაძე გადაბაძის მიერ ტელეკომპანიის დატოვებას რეიტინგის კლებით ხსნის. 

კომენტარები