სოფლის მეურნეობა

წულუკიანი: არცერთი მიწის მესაკუთრე არ დაკარგავს იმ საკუთრებას, რაც არის მისი

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, არცერთი მიწის მესაკუთრე არ დაკარგავს იმ საკუთრებას, რაც არის მისი. გასული წლის დეკემბერში კი პარლამენტში იუსტიციის სამინისტროდან შევიდა კანონპროექტი, რომელიც დაურეგისტრირებელი მიწების მთავრობის საკუთრებად რეგისტრაციას ითვალისწინებს. წულუკიანის თქმით, ეს კანონპროექტი მიწის რეფორმის ნაწილია და მასთან ერთად პარლამენტში მიწის რეგისტრაციის რამდენიმე წამახალისებელი ნორმაც შევა. 

"არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაკარგავს იმ საკუთრებას, რაც არის მისი. ჩვენ ის მთავრობა ვართ, რომელმაც დაცულობა მოუტანა კერძო მესაკუთრეებსა და მათ უფლებებს. ორშაბათს გვექნება დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა სწორედ მიწის რეგისტრაციების თემაზე. სამინისტროში შევიმუშავეთ ხედვა, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ საბუთი, მაგრამ ფაქტობრივად ქონებას მრავალი თაობის მანძილზე ფლობენ. გეგმა, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ მათ, რომ მოიძიონ სათანადო საბუთები, როგორ უნდა მუშაობდეს თითოეული მიწის ამზომველი, რადგანაც ჩვენ ამზომველების პრობლემაც გვაქვს. ვისაც მიწა დაგირეგისტრირებიათ ყველამ იცით, რომ არიან კარგი ამზომველები და არიან ამზომველები, რომლებიც აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ამ საქმეს და შემდეგ მოქალაქეს ამზომველის შეცდომების გამო სასამართლოში სიარული უწევს. ასევე ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავასწოროთ ის ფინანსური ბარიერები, რომლებიც სოფლად თუ ქალაქად მცხოვრებთ ხელს უშლის საკუთრების დარეგისტრირებაში. წამახალისებელი ნორმების შესახებ მოვამზადეთ ერთიანი ხედვა", - ამბობს თეა წულუკიანი.  

2015 წლის დეკემბერში პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აძლევს უფლებას ყველა მიწაზე, რომელიც რეგისტრირებული არაა. თუკი იუსტიციის სამინისტრო პარალელურად შეიმუშავებს ნორმებს, რომლებიც მიწის რეგისტრაციასა და აზომვას წაახალისებს, ამ კანონპროექტის უარყოფითი ეფექტები შესაძლოა შერბილდეს. 

"უძრავ ნივთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) მიმართვის საფუძველზე რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება", - წერია კანონპროექტის პირველ მუხლში.

მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც საკუთრება ვერ დგინდება, მთავრობა გასხვისებაზე ერთწლიან აკრძალვას აწესებს. სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ მიწაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმება შესაძლებელია დაინტერესებული პირის განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე. ეს კი ნიშნავს, რომ თუკი ერთი წლის მანძილზე შეძლებენ ფაქტობრივი მესაკუთრეები საკუთრების დოკუმენტაციის გაფორმებას, სახელმწიფოს მიწის უკან დაბრუნება შეეძლება.  

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის ავტორებს ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტებთან კონსულტაციები არ გაუვლიათ. ასევე არ არსებობს შესაბამისი ექსპერტების დასკვნა კანონის ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები