ტერორიზმი

AP: ნიგერიაში აყვანილ 5 მძევალს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

Reuters

ნიგერიაში ნავთობის ტანკერს დაესხნენ თავს. თავდამსხმელებმა მძევლად აიყვანეს ტანკერის ეკიპაჟის ხუთივე წევრი. Associated Press-ის ინფორმაციით, მძევალთა შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. დანარჩენი ოთხი მძევლიდან ორი რუსეთის, ორი კი ფილიპინების მოქალაქეები არიან.

Associated Press-ის ცნობით, ნიგერიელი ტერორისტები ბერძნულ ნავთობის ტანკერ Leon Dias-ს დაესხნენ თავს. მათივე ცნობით, თავდამსხმელები ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებული თვითაღიარებული სახელმწიფოს, Biafra-ს აჯანყებულები არიან. ტერორისტები ნავთობის ტანკერს ჯერ კიდევ გასულ კვირას დაესხნენ თავს და ხომალდისა და ეკიპაჟის წევრების აფეთქებით იმუქრებოდნენ, თუმცა, 31 იანვარს ხომალდი დატოვეს და მძევლები თან წაიყვანეს.

ნავთობის ტანკერი Leon Dias-ი ბერძნულ კომპანია Leon Shipping and Trading-ს ეკუთვნის. კომპანიაში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. ტანკერი ამჟამად ბენინის რესპუბლიკის წყლებში, ადგილობრივი საზღვაო ძალების დაცვის ქვეშ იმყოფება.

მძევლების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები