ქართული ფეხბურთი

ხუთი წლის მანძილზე, ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 265 მლნ ლარს გამოყოფს

facebook.com/parliamentgeo

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფო 265 მილიონ ლარს გამოყოფს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უთხრა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა, რაც ითვალისწინებს თანხის გამოყოფას. პერიოდის ათვლა მიმდინარე წლიდანვე დაიწყება. ხეჩიკაშვილის თქმითვე, პროგრამის პრეზენტაციას ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს დღეებში გამართავს.

"დღეს არის ისტორიული დღე. 25 წელია ელოდება გულშემატკივარი ფეხბურთის განვითარების პროგრამას. მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც უმოკლეს ვადაში ძალიან საინტერესო პროექტი წარმოადგინა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან თითოეულ გუნდს აქვს გარანტირებული თანადგომა. ამ პროგრამით ყველა გუნდი მიიღებს სარგებელს, ეს პროგრამა ორიენტირებულია ფეხბურთის განვითარებაზე და ასევე კერძო სექტორის წახალისებაზე, რომ ფეხბურთს გვერდით დაუდგეს", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა ინტერპრესნიუსის ცნობით.

კომენტარები