ბიანკა შიგუროვას გარდაცვალება

ტრანსგენდერი ქალის გარდაცვალებას შსს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს

ბიანკა შიგუროვა

მეტრომშენის დასახლებაში 22 წლის ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

უწყებაში ტაბულას უარი უთხრეს გარდაცვალების გარემოებებსა და ვერსიების შესახებ კომენტარზე, თუმცა "ლიბერალს" მათ განუცხადეს, რომ "ნაპოვნია გვამი. მასთან ერთად გაგუდულია მისი ძაღლი. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".

არასამთავრობო ორგანიზაცია "LGBT საქართველო" იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება მალე დაადგენს გარდაცვალების გარემოებებს და საზოგადოებას გაუქარწყლებს ყველა ეჭვს იმის შესახებ, რომ ბიანკა შეიძლება მოკლული იყოს.

"თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, მისი სიკვდილის მიზეზი იმ სტრუქტურულ და სისტემურ ძალადობაში უნდა ვეძებოთ, რომლებსაც ტრანსგენდერი ქალები აწყდებიან ყოველდღიურად: დასაქმებაზე უარი, საცხოვრებელზე უარი (მათ შორის, სახლიდან გამოგდება მშობლების ან ახლობლების მიერ და მიქირავებაზე უარი), სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ყველა სივრცეში, და ა.შ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

კომენტარები