ლევან კირკიტაძე

ლევან კირკიტაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის დავით კირკიტაძის ძმა ლევან კირკიტაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის შეფასებით, ამით დადასტურდა, რომ "კირკიტაძის ოჯახის წევრი გარდაბნის არჩევნების წინ ხელისუფლებას მძევლად ჰყავდა აყვანილი".

ენმ-ის განცხადებით, კირკიტაძე პოლიციელის პროვოკაციის გამო დააკავეს.

"ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ოჯახის წევრების ციხეში ჩასმა, საარჩევნო უბნებზე იარაღით ზონდერების სირბილი, მას ხელისუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. ის, რაც შესაძლებელი იყო ერთ ოლქში, შეუძლებელი იქნება მთელს საქართველოში 2016 წლის ოქტომბერში. ოქტომბერში "ოცნება" უნდა დავამთავროთ", - ამბობს ნადირაშვილი.

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმას, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 8 იანვარს შეუფარდა

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, "უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს, თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა".

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილი) ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები