საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ავტომობილების მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებს.
კონკრეტულად, ამ დროისათვის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები:
ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური -კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის, ასევე ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამ მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტი მოძრაობს მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
დიდთოვლობის გამო შეზღუდვები მოქმედებს ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე.
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა-ნინოწმინდის მონაკვეთზე.