საპარტნიორო ფონდი

საპარტნიორო ფონდმა დავით საგანელიძის ძმის შვილის კომპანიაში $30 მილიონი ჩადო

facebook.com/PartnershipFund

"საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი კომპანიაა, იგი რკინიგზიდან და ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან მიღებულ მოგებას საინვესტიციო პროექტებში დებს. ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძეა. დეკემბერში საპარტნიორო ფონდმა ფარმაცევტული კომპანია Humanity Georgia-ს $30 მილიონით ინვესტირება დაიწყო, ამ კომპანიის დირექტორის მოადგილე კი საგანელიძის ძმის შვილი გიორგი საგანელიძეა. 

Humanity Georgia ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების დაწევას ინდოეთიდან იაფი მედიკამენტების იმპორტით გეგმავს. კომპანიამ საპარტნიორო ფონდს ახალი ფარმაცევტული საწარმოს აშენების პროექტით მიმართა, რასაც ფონდი დათანხმდა. საბოლოოდ სახელმწიფო კომპანიის თანადაფინანსებით Humanity Georgia $130 მილიონიანი ფარმაცევტული ქარხნის აშენებას გეგმავს. Humanity Georgia-ს დირექტორმა ანდრე კუზმამ ბიზნესკურიერთან განაცხადა, რომ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ნათესაური კავშირი პრობლემას არ წარმოადგენს. 

გიორგი საგანელიძე წლების მანძილზე სადაზღვევო კომპანია არქიმედეს გლობალ ჯორჯიას დირექტორის პოსტზე მუშაობდა, თუმცა კომპანია 2013 წლის ბოლოს გაკოტრდა. მას სახელმწიფოსა და პროვაიდრეი კლინიკების მრავალმილიონიანი ვალი დარჩა. 

2015 წლის სექტემბერში კი ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების კლება დაანონსა. რამდენიმე თვის შემდეგ კი ბაზარზე Humanity Georgia გამოჩნდა. საპარტნიორო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ Humanity Georgia-სთვის დაფინანსების გამოყოფაში აქტიურად ჯანდაცვის სამინისტრო მონაწილეობდა.

"საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქტიური მონაწილეობით საპარტნიორო ფონდი ავსტრიული კომპანია Humanity Holding GmbH-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია თბილისში ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება. პროექტის განხორციელებისა და ოპერირების მიზნითHumanity Holding Gmb H-მა სს „ჰუმანითი ჯორჯია" (Humanity Georgia) დააფუძნა. ახალი პროექტის დაწყებაზე პარტნიორთა შეთანხმება საპარტნიოროფონდს, Humanity Holding GmbH-სა და საპროექტო კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას" (Humanity Georgia) შორის გააფორმდა. ევროპული სტანდარტებისწამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხარისხის შემოწმების თანამედროვე ლაბორატორიით,სასაწყობო ფართებით და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ. აშშ დოლარია." - წერია საპარტნიორო ფონდის განცხადებაში. 
 

Humanity Georgia-ს დირექტორი ანდრე კუზმა ამბობს, რომ კომპანიის პროექტი იაფი მედიკამენტების იმპორტი, შემდეგ საქართველოში ქარხნის გახსნა და წამლების ექსპორტია. კუზმას თქმით, მსგავსი პრაქტიკა Humanity Holding-ისთვის ყველა ქვეყანაში საერთოა, თუმცა პირველი ქვეყანა სადაც ეს პროექტი განხორციელდება საქართველოა.

კომენტარები