კომუნიკაციები

ალასანია: ქართული ინტერნეტ სივრცე შესაძლოა რუსეთის ხელში აღმოჩნდეს

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე ირაკლი ალასანია რუსული სატელეკომუნიკაციო გიგანტის ვიმპელკომის მიერ კავკასუს ონლაინის შესყიდვაში რისკებს ხედავს. ალასანიას თქმით, ამ გარიგებეის შედეგად შესაძლოა რუსეთი საქართველოს ინტერნეტ სივრცეს დაეპატრონოს. ამის შესახებ ალასანიამ შაბათის კურიერთან საუბარში განაცხადა. 

"სტრატეგიული ოპტიკურ-ბოჭკოვანი არხი, რომლითაც იღებს საქართველო ინტერნეტს და მიბმულია ევროპასთან, მის გასხვისებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ აქამდე ეს იყო ქართული კომპანიის ხელში და გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ამას რუსული კომპანია ვიმპელკომი შეიძლება დაეპატრონოს. ეს ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომ აუცილებელია, განმარტება გააკეთოს ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ."- ამბობს ალასანია.

პრემიერმინისტრი ვიმპელკომის შვილობილი კომპანიის, ბილაინის (მობიტელის) მიერ კავკასუს ონლაინის საცალო ბიზნესის შესყიდვაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. გიორი კვირიკაშვილმა დავოსში განაცხადა, რომ ვიმპელკომი კავკასუს ონლაინის მხოლოდ ერთ ნაწილს ყიდულობს, მაგისტრალური ინტერნეტ კაბელი კი კვლავ კავკასუსის საკუთრებაში რჩება.

"ამ თემაზე იყო საუბარი. ამ თემას განვიხილავთ მარეგულირებელთან ერთად. წინასწარი შეშფოთების საგანს ვერ ვხედავ. აქ არ არის საუბარი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის გაყიდვაზე. საუბარია შიდა მიწოდების დისტრიბუციის ქსელის გაყიდვაზე. ეს საკითხი უახლოეს პერიოდში იქნება განხილული და მსჯელობა იქნება. მარეგულირებელი კომისიის გადასაწყვეტია ეს მთლიანად, თუმცა მე მაქსიმალურად მეტ ინფორმაციას მივიღებ და შესაძლოა მოგვიანებით უფრო დეტალური კომენტარი გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით." - ამბობს კვირიკაშვილი.

ბილაინმა 4 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში უარყო მოსაზრებები, რომ კომპანია კავკასუს ონლაინის კუთვნილი მაგისტრალური კაბელის შეძენით იყო დაინტერესებული. 

"შავი ზღვის ფსკერზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით არ ვართ დაინტერესებული. შპს კავკასუს ონლაინის აქტივის შესყიდვა კომპანია ბილაინს მისცემს საშუალებას, არსებულ და ახალ აბონენტებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მომსახურება შეთავაზოს", - აცხადებს ბილაინი. 

კავკასუს ონლაინი საკუთარი ბიზნესის ნაწილს მრავალმილიონიანი კრედიტის დასაფინანსებლად ყიდის. კავკასუს ონლაინს შავი ზღვის ქვეშ გამავალი კაბელი ეკუთვნის, რომლის მეშვებითაც საქართველო ბულგარეთიდან იღებს ინტერნეტს. 

კომენტარები