კომუნიკაციები

GNCC: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ასე ვახტანგ აბაშიძე თავისუფალი დემოკრატების ლიდერის შეშფოთებას გამოეხმაურა. ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ ქართული ინტერნეტ სივრცე, შესაძლოა, რუსეთის ხელში აღმოჩნდეს.

აბაშიძის თქმით, საუბარია იმაზე, რომ, შესაძლოა, კავკასუს ონლაინმა საცალო სეგმენტი მიყიდოს კომპანია მობიტელს, რომლის ერთერთი დამფუძნებელი რუსული ვიმპელკომია.

„ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის და საერთოდ, საქართველოზე გამავალი მაგისტრალების გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. განიხილება საკითხი კავკასუს ონლაინის საცალო სეგმენტის შესაძლო გასხვისებაზე კომპანია მობიტელისთვის, რომლის ერთერთი დამფუძნებელი გახლავთ რუსული ვიმპელკომი, რომელიც 2006 წელს შემოვიდა საქართველოში. საუბარია საცალო ბაზრის სეგმენტზე, ამ მომსახურების შესაძლო მიყიდვაზე კავკასუსის მიერ მობიტელისთვის და არა მაგისტრალური არხების, მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების, და რაც მთავარია, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალისა. მარტივად რომ ვთქვათ, სააბონენტო ბაზას იმ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში, სადაც კავკასუს ონლაინის მომხმარებელს მიეწოდება ინტერნეტი, ამ საცალო ქსელის გაყიდვაზეა, ე.წ. retail-ის გაყიდვაზეა საუბარი. ეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, ისევე როგორც სხვა მაგისტრალები, რჩება იმავე კომპანიის მფლობელობაში." - ამბობს აბაშიძე რუსთავი 2-თან საუბარში.

ირაკლი ალასანიამ გუშინ თქვა, რომ რუსული სატელეკომუნიკაციო გიგანტის ვიმპელკომის მიერ კავკასუს ონლაინის შესყიდვაში რისკებს ხედავს. ალასანიას თქმით, ამ გარიგების შედეგად შესაძლოა რუსეთი საქართველოს ინტერნეტ სივრცეს დაეპატრონოს.

კომენტარები