გათავისუფლება

ენმ: გამგეობის თანამშრომელი არჩევნებზე დაკვირვებისთვის გაათავისუფლეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დავით გაბოშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან ის 28 იანვარის გარდაბნის არჩევნებზე ერთერთ უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი იყო.

ენმ-ის ცნობით, ეს ჩუღურეთის გამგეობის მხრიდან დავით გაბოშვილის შევიწროვების ერთადერთი მცდელობა არ არის და მის სამსახურიდან გათავისუფლებას წინ სასამართლო დავა უძღოდა.

კეროდ, 2014 წლის ოქტომბერში, გაბოშვილმა, ტყუპი შვილების შეძენის გამო ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება მოითხოვა, რაზეც ამავე რაიონის გამგებლემა ზურაბ ჩიკვილაძემ, კანონის უგულებელყოფით, უარი უთხრა. გამგეობასა და მის თანამშრომელს შორის დავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გადაინაცვლა. გამგეობამ დავა წააგო, სასამართლომ შვებულებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება ბათილად ცნო და გამგეობას გაბოშვილის შვებულების შესახებ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

ენმ-ის ცნობით, პროცესის მოგების შემდგომ, გაბოშვილს სამსახურში დევნიდნენ და ავიწროებდნენ: მას გამგებელმა დისციპლინური სახდელები დაადო ისე, რომ ამის შესახებ მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ შეიტყო.

გაბოშვილი სამსახურიდან ქრონიკული ავადმყოფობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, 2016 წლის 3 თებერვალს, გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ბრძანებით გაათავისუფლეს. ნაციონალური მოძრაობა აღნიშნავს, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებას უძღოდა წინ გაბოშვილის გარდაბნის არჩევნებში დამკვირვებლად მონაწილეობა.

ამ განცხადებას დღესვე გამოეხმაურა ჩუღურეთის რაიონის გამგებელი. ზურაბ ჩიკვილაძე ამბობს, რომ დავით გაბოშვილს სამსახურეობრივი გადაცდომების გამო გაფრთხილებები მანამდეც მიღებული ქონდა. ხოლო იმ პერიოდში, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით სამსახურში არ იმყოფებოდა, გარდაბნის არჩევნებს აკვირდებოდა. რაც გახდა კიდეც მისი გათავისუფლების მიზეზი.

კომენტარები