NATO-საქართველო

აპატურაი: საქართველო ახლა MAP-ს ვერ მიიღებს

NATO

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ საქართველოსთვის MAP-ის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არსებობს. ჯეიმს აპატურაის თქმით, საქართველო ვარშავის სამიტზე MAP-ს ვერ მიიღებს. გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ სავარაუდოდ ვარშავის სამიტზე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ძლიერი განცხადება გაკეთდება. ჯეიმს აპატურაიმ მოამბესთან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. 

"თუ მთავრობას ყურადღება გამახვილებული აქვს იმპლემენტაციაზე, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს ის, ოპოზიცია, ჩემი აზრით, უნდა დაფიქრდეს რამდენად სასარგებლოა პროცესისთვის, მთავრობას მოსთხოვონ MAP-ი და მერე განაცხადონ, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს MAP-ი. MAP-ი, რომელიც ვერ მიიღო ვერავინ და რომლის მიღებაც ახლა შეუძლებელია. მესმის შიდა პოლიტიკა და არ მინდა ამაში ძალიან ჩავერიო, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად და რატომ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ ფეხბურთად.

რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაცია. რა უნდა გავაკეთოთ ერთად? უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრაქტიკული მომზადების კუთხით ყველა ცარიელი ადგილი შევავსეთ და მოვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროც. მე ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე MAP-ი დასახელდება მიზნად. ვფიქრობ, ეს ქმნის იმედგაცრუებას. 

მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა NATO-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება. MAP-ი ნაბიჯია, მიზანი და ვიცი, რომ ამ მიზანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს", - ამბობს აპატურაი.

ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ NATO-ს ზოგიერთი წევრი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას უსართხოების დამატებითი გარანტიების არსებობის გარეშე არ თანხმდება, რადგანაც წევრობის სამოქმედო პაკეტის მინიჭება საქართველოზე რისკებს გაზრდის.

კომენტარები