ერთიანი ეროვნული გამოცდები

2016 წლის ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება

naec.ge

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 9 თებერვალს 10:00-ზე დაიწყება და 15 მარტის 18:00-მდე გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 1 ივნისამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა და საგნის ენის შეცვლა (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).

ამასთან, აბიტურიენტები, პედაგოგები (პედაგოგობის მსურველები), სტუდენტები და მაგისტრანტობის კანდიდატები წელს პირველად ეროვნული გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ.

"ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს", - აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრი და აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა დეტალები დეკემბერში, აპრობაციის დასრულების შემდეგ დაზუსტდება. 

"აპრობაციის მიზანია, იმ ტექნიკური უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების პილოტირება, რომლითაც ჩატარდება ეს გამოცდა. შეირჩევა ერთი საგამოცდო ცენტრი რომელიმე საგამოცდო ქალაქში, მოეწყობა საგამოცდო სექტორები და ჩატარდება პროცესის სრული იმიტაცია. მონაწილეები ერთ რომელიმე საგანში გაივლიან გამოცდას, თუმცა ეს არ გულისხმობს რომელიმე საგნის დავალებების ან აბიტურიენტების გამოცდას" - ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

კომენტარები